რუსეთის სამხედრო აგრესია

პრემიერი: ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ის, რომ საქართველო ომში ჩათრეული აღმოჩნდა და ჩვენი ტერიტორიები დღეს დროებით დაკარგული და ოკუპირებულია, წინა ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური პოლიტიკის შედეგია". ამის შესახებ პრემიერმა გორის მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა. 

"სამშობლოს ერთგულებაში ქართლელებს ტოლი არ გყავთ. მშვიდობა ტყუილად არ ვახსენე. სულ ცოტა ხნის წინ თქვენ თქვენს თავზე გამოსცადეთ ის საშინელება, რასაც ჰქვია აგვისტოს ომი, რომლის იარებიც ჯერაც არ მოშუშებულა. ის, რომ საქართველო ამ ომში აღმოჩნდა ჩათრეული და ჩვენი ტერიტორიები დღეს არის დროებით დაკარგული და ოკუპირებული, ის, რომ საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა ათასობით ადამიანი, წინა ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური პოლიტიკის შედეგია. ჩვენ ვცდილობთ, გაწონასწორებული და კარგად გათვლილი ნაბიჯებით, ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით დავძლიოთ ომის უმძიმესი შედეგები", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ გორის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობა დღესაც დიდი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს.

"ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეგიმსუბუქოთ ტკივილები. მაქსიმალურად ვეცდებით, არც ერთი დევნილი არ დარჩეს საკუთარი ჭერის გარეშე, ვიდრე საკუთარ სახლ-კარს დაუბრუნდებიან", - თქვა პრემიერმა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ვინ დაიწყო ომი, ეს თემა დახურულია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის". როგორც ალასანიამ მაესტროს ეთერში, თავდაცვის სამინისტროს მიერ 2008 წლის ომის შესწავლის საკითხზე აღნიშნა, “ეს ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც წაახალისა ჩვენი სოფლების დაბომბვა სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებების მიერ. აქედან გამომდინარე, ეს შეკითხვა არ დგას. ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და დღესაც გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია”.

კომენტარები