მეწყერი დარიალის ხეობაში

კრიზისების მართვის საბჭო: დარიალში დაკარგულად 7 პიროვნება ითვლება

ენერგეტიკის სამინისტრო

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ბოლო მონაცემებს აქვეყნებს. საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 7 პიროვნება, ხოლო სამაშველო ოპერაციებს წყლის მაღალი დონე და ჩამოწოლილი მეწყერის დიდი მასა ართულებს.

"დამეწყრილი ზონიდან გუშინ ამოყვანილი უკრაინის მოქალაქე სატვირთო ავტომობლის მძღოლი, რომელიც გუშინვე, სამაშველო ჯგუფებმა ვერტმფრენით გადმოიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში, მიღებული ტრამვების შედეგად გარდაიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით მეწყერში მოყოლილია 3 სატვირთო ავტომობილი.

ასევე, არსებული ინფორმაციით, სადერივაციო გვირაბში, რომელშიც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მოყოლილია რამდენიმე პირი. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება და ზუსტი რაოდენობა დგინდება. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 7 პიროვნება.

მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები დაკარგული პირების მოსაძებნად, რასაც ართულებს წყლის მაღალი დონე და ჩამოწოლილი მეწყერის დიდი მასა. წყლის დონის დაკლებისთანავე შესაძლებელი გახდება სამძებრო სამუშაოების სრული მასშტაბით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 20-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას უწევს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო. ექსპერტების მიერ განხორციელდა დევდორაკის მყინვარის და ხევის გამოკვლევა, რის შემდეგაც დამეწყვრის საფრთხის მონიტორინგის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სათვალთვალო პოსტები. ვერტმფრენით განხორციელდა ევაკუირებული მძღოლების საკონტროლო-გამტარ პუნქტზე დაბრუნება და მათი საზღვარზე გადაშვების უზრუნველყოფა. მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, რაც გაართულებს გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებს.

112-ზე გახსნილია ცხელი ხაზი, სადაც ხორციელდება მოქალაქეებისგან ინფორმაციის მიღება დარიალის ხეობაში დაკარგული პირების შესახებ. ყველა დამატებითი ინფორმაცია ოპერატიულ რეჟიმში მიეწოდება მოსახლეობას", - აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

კომენტარები