მეწყერი დარიალის ხეობაში

ღარიბაშვილი: დარიალის ხეობაში გაზის მილის რეაბილიტაცია ხვალამდე დასრულდება

facebook.com/GaribashviliOfficial

დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გაზის მილის რეაბილიტაცია ხვალამდე დასრულდება, - ამის შესახებ, როგორც  ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში არის აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დარიალის ხეობაში ყოფნისას განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ მისი დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი. მინისტრები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე სტიქიის ზონაში ჩავიდნენ და შესაბამისი სამუშაოები ოპერატიულად დაიწყო. 

„გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გაზის მილის რეაბილიტაცია ხვალამდე დასრულდება. ბევრი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა, სამწუხაროდ არიან გარდაცვლილები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და კრიზისების მართვის შტაბის წარმომადგენლებს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. 

მთავრობის მეთაური სტიქიის ზონაში დღეს, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულებისთანავე ჩავიდა და მეწყრით დაზიანებულ ინფრასტრუქტურას და მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა და დეტალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ მინისტრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელისგან მიიღო.

კომენტარები