მეწყერი დარიალის ხეობაში

პრემიერი დარიალის სტიქიაზე: საბედნიეროდ, ამუშავდა სიგნალების სისტემა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დარიალის ხეობაში სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. 
მთავრობის მეთაურის განცხადებით, "ღამით დარიალის ხეობაში ინტენსიურ წვიმას და ღვარცოფს კვლავ მოჰყვა მეწყერის ჩამოწოლა და, სამწუხაროდ, გაუჩინარებულია 2 ადამიანი, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებზე, გვირაბში მუშაობდნენ". მისივე თქმით, "საბედნიეროდ, ამუშავდა წინა სტიქიის დროს დამონტაჟებული სიგნალების სისტემა, რამაც შესაძლებელი გახადა ადამიანების დროული ევაკუაცია".

პრემიერი აღნიშნავს, რომ მისი დავალებით, მთავრობის წევრები წუხელვე ჩავიდნენ სტიქიის ზონაში.

"ადგილზე იმყოფება ოთხი მინისტრი - ჭიკაიძე, ხოკრიშვილი, შავლიაშვილი, ხადური. შექმნილია საგანგებო შტაბი და უკვე დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შეყვანილია ტექნიკა. უკვე გაკეთდა დამბა, რაც მდინარე თერგს დაგუბების საშუალებას არ მისცემს. მიმდინარეობს 24-საათიანი მუშაობა და ზარალის მასშტაბი მალე დადგინდება“, - თქვა პრემიერმა. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სამწუხაროდ, სტიქიის ზონაში ჩასვლას ვერ ახერხებს, რადგან ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მიემგზავრება, თუმცა მუდმივი კავშირი ექნება კრიზისების მართვის შტაბთან და ხეობაში მიმდინარე სამუშაოებზე სრულ ინფორმაციას მიიღებს.

"ამავდროულად, მინდა გაცნობოთ, რომ კრიზისების მართვის შტაბი პერმანენტულად მოგაწვდით ინფორმაციას განვითარებული მოვლენების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში მთის მასა ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად წუხელ მეორედ ჩამოიშალა. დარიალში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა.

კომენტარები