სახელმწიფო დაცვის სამსახური

პრემიერი და მისი ოჯახი სიცოცხლის ბოლომდე დაცვით იქნებიან უზრუნველყოფილი

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

საქართველოს პრეზიდენტის გარდა, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრემიერმინისტრსა და მისი ოჯახის წევრებსაც დაიცავს. შესაბამისი ცვლილება "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილებაში შევიდა.

ამავე ცვლილებების ფარგლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებს კიდევ ერთი ახალი - საქართველოს პრემიერმინისტრის დაცვის დეპარტამენტი დაემატა.

დადგენილებით განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი, ვისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც სახელმწიფო დაცვის სამსახური ახორციელებს. კერძოდ, ესენია: პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა პირები. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მათ დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე ახორციელებს.

მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებით კი, სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვით სარგებლობის პრივილეგია პრემიერმინისტრსაც მიენიჭა და დადგენილების შესაბამისი მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: "სამსახური მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ახორციელებს საქართველოს პრემიერმინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრების (საქართველოს პრემიერმინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე), უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის (ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას".

კომენტარები