სასამართლოს დამოუკიდებლობა

კუბლაშვილი: სასამართლოს დამოუკიდებლობა მაღალ დონეზეა, თუმცა, არის ხარვეზებიც

frontnews.ge

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის შეფასებით, საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა ძალიან მაღალ დონეზეა. თუმცა, როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო რედისონში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე უთხრა, არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრასაც ისურვებდა.

"ვფიქრობ, რომ რეფორმის დღევანდელი ეტაპი შეიძლება ჩაითვალოს ეტაპად, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობა ძალიან მაღალ დონეზეა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მე უფრო მეტად დამოუკიდებელი მინდა, თუმცა ვხედავ გარკვეულ ხარვეზებს, რომლებსაც გარშემომყოფები შეიძლება ვერ ამჩნევენ. მინდა, რომ ეს ხარვეზები აღარ იყოს. ვისურვებდი, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრას, რის შემდეგაც თამამად შევძლებთ ვთქვათ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. ამის საფუძველს გვაძლევს ყველა ის კონსტიტუციური და საკანონმდებლო წინაპირობა, რაც შექმნილია. ასეთი სასამართლოს არსებობისთვის ასევე ფინანსური უზრუნველყოფა არის გარანტირებული. ყველა კვლევა მიგვითითებს, რომ სასამართლო სისტემა ძალიან მაღალ დონეზეა დამოუკიდებლობის მხრივ", - განაცხადა კუბლაშვილმა.

საქართველო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენციას მასპინძლობს. 
კონფერენციას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები ესწრებიან. შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. კონფერენციაში მონაწილეობს 30 დელეგატი. 

კონფერენცია 25 ივნისამდე გაგრძელდება.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენცია 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და საქართველოში პირველად მასპინძლობს 

კომენტარები