ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურმა შპს იბერია სითის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე დააკავა

is.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სამშენებლო კომპანია შპს იბერია სითის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, გიორგი გოგიბერიძე შპს იბერია სითის სახელით 2005-2008 წლებში მოქალაქეებთან ხელშეკრულებებს აფორმებდა და ვალდებულებას იღებდა, რომ ხელშკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გადახდის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის "ა" და "ბ" კორპუსს, აშენების შემდეგ კი, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ბინებს (შესაბამისი ფართებით) საკუთრებაში გადაუფორმებდა კონტრაქტორ მოქალაქეებს.

"ნაკისრი ვალდებულებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების მიუხედავად, საცხოვრებელი კორპუსების აშენების შემდეგ გიორგი გოგიბერიძემ აღნიშნული ბინები მოტყუებით, თითქოს და მის საკუთრებას წარმოადგენდა, იპოთეკით დატვირთა და შემდგომში სხვა, არაკონტრაქტორ მოქალაქეებზე გაასხვისა. აღნიშნული გზით გიორგი გოგიბერიძემ დამატებით მიიღო უკანონო შემოსავალი და 2005-2008 წლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას 1 626 291 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლა, რამაც კონტრაქტორი მოქალაქეები მნიშვნელოვანად დააზარალა", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დადგენილია ათეულობით მოქალაქის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიება ასევე გრძელდება ზემოხსენებულ საცხოვრებელ კორპუსებსა და გ. გოგიბერიძის მიერ აშენებულ სხვა საცხოვრებელ კორპუსებში განთავსებული ბინების განკარგვის კანონიერების შემოწმების მიზნით", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები