სასამართლო სისტემა

კუბლაშვილი: წულუკიანის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლაა

frontnews.ge

თეა წულუკიანის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის აშკარა გამოვლინება იყო - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა განაცხადა.

კუბლაშვილის თქმით წულუკიანი უკვე წელიწადნახევარია იუსტიციის მინისტრია და ვერ გაითავისა, რომ არ შეიძლება სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების მიმართ ასე საუბარი.

"გუშინდელი განცხადება ქალბატონი მინისტრისა აშკარა გამოვლინება იყო კიდევ ერთხელ მოსამართლეებზე გარკვეული ზეწოლის განხორციელების. პირველ რიგში, ეს ეხება მის მიერ ისევ და ისევ მოსამართლეთა გვარების დასახელებას პირდაპირ ეთერში და იმის თქმას, რომ მან მოწყალე გადაწყვეტილება მიიღო, არ მოხსნა ეს მოსამართლეები თანამდებობიდან. ასეთი გამონათქვამები პირდაპირ მოსამართლეებზე ზეწოლას წარმოადგენს და ძალიან სამწუხაროა. მისი განმარტებით, თითქოს სამოქალაქო მოსამართლეებმა იგრძნეს ეს თავისუფლება და სისხლის სამართლის მოსამართლეები რაღაც კონიუნქტურულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ვფიქრობ, ძალიან არასერიოზულია. უკვე წელიწადნახევარია, არის იუსტიციის მინისტრი და მან ვერ გაითავისა, რომ არ შეიძლება სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების მიმართ ასე საუბარი. ასე საუბარი ნიშნავს, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ანუ მისი სახით მოსამართლეებზე, ზეწოლას. არავითარ შემთხევაში მე პირადად არ დავუშვებ, რომ ასეთი მიდგომა გაგრძელდეს. ბოლოს და ბოლოს ყველამ უნდა გაიგოს და მათ შორის პირველ რიგში, იუსტიციის მინისტრმა, რომ ასეთი განცხადებები წარმოადგენს მოსამართლეებზე ზეგავლენის პირდაპირ მცდელობას" - განაცხადა კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლის შემთხვევაში მას მუდამ მკაცრი რეაქცია ექნება და იმედი აქვს, რომ ღია ეთერში მსგავსი წინადადებებით მოსამართლეების გვარებს აღარავინ დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გუშინ გააკეთა.

"ის რომ, ქართველ მოსამართლეებს, მითუმეტეს ის ვინც სისხლის სამართალზე მუშაობს, მეტი კომპეტენცია ჭირდებათ, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. ეს არ არის საწყენი, რადგან როცა რაღაცა არ იცი, უნდა ისწავლო. როდესაც გყავდა ხელისუფლება, რომელიც გჩაგრავდა და მოსამართლეს მონად გამუშავებდა სისხლის სამართლის საქმეებზე. მოსამართლეებს აქვთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა 2012 წლის 25 ოქტომბრიდან, როდესაც მე დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა მთავრობას სათავეში. მთავარია მოსამართლეს ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა, რომ მან თვალი გაუსწოროს საკუთარ დამოუკიდებლობას. ზოგი ამას ახერხებს, ზოგი ამას ვერ ახერხებს. ამიტომ, რეფორმა საკანონმდებლო გრძელდება. როდესაც კარგი კანონები ექნებათ მოსამართლეებს, შემდეგ უნდა დაიწყოს მოსამართლეების კომპეტენციის მიხედვით შერჩევა, თუ გადარჩევა" - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები