განათლების საერთაშორისო ცენტრი

პრემიერი: ვიღებთ ვალდებულებას, დავეხმაროთ განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს

საქართველოს მთავრობა

"თქვენ სამშობლო გიშვებთ უმნიშვნელოვანესი მისიით და გელოდებათ სათანადო კვალიფიკაციით აღჭურვილებს" - მიმართა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს და კონკურსში გამარჯვება მიულოცა. მისი განცხადებით, საქართველოს საკმარისზე მეტი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია, თუმცა ბევრ ახალგაზრდას საზღვარგარეთ განათლების მიღების საშუალება არ აქვს.

„სწორედ ამიტომ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს, მისცეს მათ ცოდნის გაღრავების საშუალება იმ პირობით, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას საკუთარ ქვეყანას მოახმარენ. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, ემსახუროთ სამშობლოს და მე, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრი სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ“, - თქვა ღარიბაშვილმა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ცენტრის მიერ დაფინანსებული სტუდენტები სამშობლოში დაბრუნების და საჯარო სექტორში საქმიანობის ვალდებულებას იღებენ, თავის მხრივ კი, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, მათ შესაბამისი სამუშაო ადგილები დაახვედროს.

„ჩვენ მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ერი ვართ. მე მჯერა ჩვენი ხალხის ნიჭიერების და მჯერა, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა იქნება წელგამართული. ჩვენ ამ პროექტს გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი გვასახელებს“, - მიმართა პრემიერმა დაფინანსებულ სტუდენტებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა კონკურსის შედეგად 78 სტუდენტი შეარჩია, რომლებიც ცენტრის დაფინანსებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან.

კომენტარები