ღაზის სექტორი

ისრაელში საომარი მოქმედებების შედეგად, მინიმუმ 70 პალესტინელი დაიღუპა

ისრაელში საომარი მოქმედებები გრძელდება. გუშინდელი საჰაერო თავდასხმებისას 20-მდე ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პალესტინის ცნობით, ჯამში გარდაცვლილია სულ ცოტა 70 პალესტინელი. დაშავებულთა რიცხვი კი 500-ს აღწევს.

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელი სამხედროების ცნობით, არმიამ გუშინ ღაზის სექტორში 108 ობიექტზე განახორციელა შეტევა. ჰამასის დაჯგუფებამ კი ისრაელის მიმართულებით 12 რაკეტა გაუშვა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ისრაესა და პალესტინელ სამხედროებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"შეშფოთებული ვარ ძალადობის ახალი ტალღის გამო ღაზის სექტორში, სამხრეთ ისრაელსა და დასავლეთ ნაწილში - აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ტესტი, რასაც რეგიონი ბოლო წლებში შეხვდა. სიტუაციის გაუარესებას მივყავართ იქამდე, რომ მოვლენები კონტროლიდან გამოვიდეს. ძალადობის ესკალაცია ისევ რეალურია. ასეთი დარტყმები მიუღებელია და უნდა შეჩერდეს. მოვუწოდებ პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს, თავი შეიკავოს მაქსიმალურად, პატივი სცეს ვალდებულებებს, რათა დაცული იყვნენ მოქალაქეები", - აცხადებს ბან კი მუნი.

პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით კი, გადაწყვეტილია, უფრო გააქტიურდეს ღაზის სექტორში ჰამასზე და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებზე შეტევები. ოფიციალური ისრაელის განცხადებით, ტერორისტების ხელში არსებული რაკეტები საფრთხეს უქმნიან ისრაელის 3,5 მილიონ მოსახლეს, რისთვისაც ჰამასს ფასის გადახდა მოუწევს. ჰამასის სამხედრო ფრთა ამბობდა, რომ ახლა ყველა ისრაელი სამიზნეშია.

ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

კომენტარები