ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა

პრემიერი: ხელისუფლების ნებაა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა უპრეცედენტო იყოს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მართლაც უპრეცედენტო იყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან შს მინისტრს წარმატება უსურვა.

"გასული კვირა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ ჭიკაიძის უწყებამ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო. ეს არის 2.8 ტონა თხევადი ჰეროინი. ეს არის უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი, რაც არ ამოღებულა არა თუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. მე მინდა, მოგილოცოთ ეს წარმატება. დასაფასებელია ის მუშაობა, რომელსაც თქვენი უწყება ახორციელებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მართლაც უპრეცედენტო იყოს. გასულ წლებში არასდროს გვინახავს არათუ მსგავსი, არამედ მიახლოებული ოდენობის ნარკოტიკის ამოღების ფაქტი. გასულ წელს ჩვენ 116 კილო ნარკოტიკი ამოვიღეთ, რაც იყო რეკორდი და ახლა ლექსომ ეს რეკორდი მოხსნა. ეს ჩვენს ქვეყანას აძლიერებს და ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას ემსახურება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სამართალდამცავებმა 2.8 ტონა თხევადი ჰეროინი ამოიღეს.

კომენტარები