ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: ივანიშვილის ხელისუფლებას მოსვენებას არც ერთ დღეს არ მივცემთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "ივანიშვილის ხელისუფლებას მოსვენებას არც ერთ დღეს არ მივცემთ". ამის შესახებ ბოკერიამ ფილარმონიაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონფერენციის დაწყებამდე თქვა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, დღევანდელი კონფერენციის მთავარი გზავნილია ის, რომ ენმ არჩევნების შემდეგ საზოგადოებასთან აქტიურ ურთიერთობას აგრძელებს და მუდმივ წნეხში ეყოლება საქართველოს მთავრობა. 

"ყველა დარღვევა, ყველა გადაცდომა, ყველა უნიათობა, რაც მრავლად ვიხილეთ და ვიხილავთ, იქნება ჩვენი ყურადღების ცენტრში. არ მივცემთ არც ერთ დღეს მოსვენებას. ამას ვპირდებით ხალხს და ივანიშვილის მთავრობას", - განაცხადა ბოკერიამ.

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ. სიტყვით პარტიის ლიდერები გამოდიან.

ღონისძიებას მთელი საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში არჩეული ენმ-ის წევრები ესწრებიან.

კომენტარები