სასამართლო სისტემა

კუბლაშვილი: მეც ძალიან გაოცებული ვარ ირაკლი ღარიბაშვილის პასიურობით

"ნამდვილად არ მივიღებ იმას, რომ ვინმემ შემახსენოს, რა უნდა გავაკეთო მოსამართლეთა დასაცავად", - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა პრემიერმინისტრის განცხადებას უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეთერში უკრაინის ყოფილი შს მინისტრის იური ლუცენკოს მიერ ქართველი მოსამართლის მიმართ გაკეთებულ განცხადებას "შეურაცხმყოფელი" უწოდა და გაკვირვება გამოთქვა, რომ მომხდარზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია. პრემიერის თქმით, "მე საერთოდ გამაოცა კოტე კუბლაშვილის პასიურობამ ამ მიმართულებით. მას უნდა დაეცვა მოსამართლე, ეს იყო მისი პირდაპირი ვალდებულება". 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით კი, ისიც გაოცებულია ირაკლი ღარიბაშვილის პასიურობით, რომელსაც იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოსამართლების მიმართ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაზე რეაგირება არ ჰქონია. 

"მეც ძალიან გაოცებული ვარ ირაკლი ღარიბაშვილის პასიურობით მაშინ, როდესაც მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი მინისტრი გამოდის და მოსამართლეების მიმართ პირადაპირ ზეგავლენას ახორციელებს პირდაპირი ეთერით. ძალიან გაოცებული ვარ. რატომ არ გამოდის ის და არ ამბობს, რომ ეს არის პირდაპირ გავლენის მცდელობა მოსამართლეებზე და ასეთი რამ ყველა ქვეყანაში არის დასჯადი. მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მოსამართლეების მიმართ საფრთხის შემცველი ყოველთვის არის ხელისუფლების წარმომადგენლების მოქმედებები, რომლებიც პირდაპირ ასახელებენ სახელებსა და გვარებს და ამბობენ, რომ ისინი არ მოსწონთ და არ უნდა იყვნენ მოსამართლეები. აი, ასეთ დროს უნდა გამოვიდეს პრემიერმინისტრი, არ იყოს პასიური და თქვას, რომ ხელისუფლების წარმომადგელების მხრიდან ასეთი კომენტარი არის პირდაპირ ზეგავლენის მცდელობა მოსამართლეთა წინააღმდეგ", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ლუცენკოსთან დაკავშირებულ ფაქტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებით, ის მოსამართლისთვის საფრთხის შემცველი არ არის.

"ბევრი ასეთი ავყია ადამიანი დადის სასამართლოში, აკეთებს თავის განცხადებას და ეს მოსამართლეებისთვის უცხო არ არის. ამ შემთხვევაში, მოსამართლეს აქვს უფლებამოსილება, რომ პირი დააჯარიმოს ან დარბაზიდან გააძევოს, თუკი ის ადგება და რაღაცას იტყვის. ამიტომ ეს ფაქტი არავითარ საფრთხეს არ ქმნის და რიგითი რამ არის, რასთან გამკლავებასაც თავად მოსამართლეები შეძლებენ და მოუღებენ ბოლოს. ისეთ დროს კი არ სჭირდება მოსამართლეებს დაცვა, როცა თვითონ აქვთ უფლებამოსილება, დაიცვან საკუთარი თავი ერთი ბრძანებით, არამედ, მთავარი აქ არის სწორედ ის, რომ არ გაგრძელდეს ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი თავდასხმები მოსამართლეთა მიმართ. ნამდვილად არ მივიღებ იმას, რომ ვინმემ შემახსენოს რა უნდა გავაკეთო მოსამართლეთა დასაცავად", - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განცხადება 4 ივლისს გააკეთა, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეებზე ზეწოლად შეაფასა. 

"ის, რომ ქართველ მოსამართლეებს, მით უმეტეს იმათ, ვინც სისხლის სამართალზე მუშაობს, მეტი კომპეტენცია სჭირდებათ, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. ეს არ არის საწყენი, რადგან როცა რაღაცა არ იცი, უნდა ისწავლო. როდესაც გყავდა ხელისუფლება, რომელიც გჩაგრავდა და მოსამართლეს მონად გამუშავებდა სისხლის სამართლის საქმეებზე. მოსამართლეებს აქვთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა 2012 წლის 25 ოქტომბრიდან, როდესაც მე დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა მთავრობას სათავეში. მთავარია, მოსამართლეს ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა, რომ მან თვალი გაუსწოროს საკუთარ დამოუკიდებლობას. ზოგი ამას ახერხებს, ზოგი ამას ვერ ახერხებს. ამიტომ, რეფორმა საკანონმდებლო გრძელდება. როდესაც კარგი კანონები ექნებათ მოსამართლეებს, შემდეგ უნდა დაიწყოს მოსამართლეების კომპეტენციის მიხედვით შერჩევა, თუ გადარჩევა", - განაცხადა წულუკიანმა. 

რაც შეეხება უკრაინის ყოფილ მინისტრს, იური ლუცენკომ ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი შთაბეჭდილებით, მოსამართლეს უფრო ეშინია ვანო მერაბიშვილის, ვიდრე მერაბიშვილს მოსამართლის გადაწყვეტილების.

კომენტარები