მიხეილ სააკაშვილის საქმე

EPP: საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს ასოცირების შეთანხმებას

 

ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტი იასეკ სარიუშ-ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას უკრაინაში მის მოქმედებას უკავშირებს, - ამის შესახებ EPP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც EPP-ის ვიცეპრეზიდენტი აღნიშნავს, ნაციონალური მოძრაობის მიმართ ბოლოდროინდელი „პოლიტიკურად მოტივირებული მოქმედებები" ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს ასოცირების შეთანხებას:

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაუმართლებელი ბრალის წარდგენა, რომელიც დაკავშირებულია მის მუშაობასთან უკრაინაში, უკრაინის ახალი მთავრობის მხარდასაჭერად, შემაშფოთებელი გაგრძელებაა იმ მოქმედებებისა, რაც მთავარი ოპოციზიური ძალის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების წინააღმდეგ განხორციელდა.

ბოლო მოვლენამდე ერთი თვით ადრე დააპატიმრეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი გიგი უგულავა, ხოლო ერთი წლით ადრე დააპატიმრეს ყოფილი პრემიერმინისტრი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ერთ თვეზე მეტია, რაც ხელი მოეწერა, ითხოვს მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას. ბოლოდროინდელმა პოლიტიკურად მოტივირებულმა მოქმედებებმა მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ ცხადყო, რომ ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს ასოცირების ხელშეკრულებას.

ევროპის სახალხო პარტიის სახელით დაჟინებით მოვუწოდებ ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს ეს წერილი და ასოცირების შეთანხმების სულისკვეთება და უარი თქვას არაფრისმომცემ პოლიტიკურ კონფლიქტებზე, ფოკუსირება მოახდინოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე და ემსახუროს ხალხის ინტერესებს", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. დღეს, 1 აგვისტოს, პროკურატურამ სასამართლოს სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

ექსპრეზიდენტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო შეშფოთება გამოთქვა  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, სენატორების ჯერ ერთმა, შემდეგ მეორე ჯგუფმა, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ პროცესს შეშფოთებით აკვირდება.

კომენტარები