ამბასადორიალი 2014

ღარიბაშვილი: კონსტიტუციის დღევანდელი მოდელი საჭიროებს გადახედვას

თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრა - ამბასადორიალზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ კონსტიტუციის დღევანდელი მოდელი გადაიხედება.

"განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელმაც ხელი შეუწყო ბალანსის აღდგენას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და პრეზიდენტს შორის. გააძლიერა პარლამენტის უფლებამოსილებები. თუმცა, ბოლო დროს ნათლად გამოჩნდა, რომ კონსტიტუციის დღევანდელი მოდელი საჭიროებს გადახედვას. სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმენით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზებს და გამორიცხავს ნებისმიერ კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის მორგებულ დებულებებს. ქვეყანას ბოლოსდაბოლოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც ფართო კონსტიტუციის გზით იქნება მიღებული", - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა. 

"ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. ამ რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან. ჩვენი ხელისუფლება აღარ ერევა სასამართლოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, რომ სასამართლო პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იყოს მხარეთა თანასწორობის მაღალი ხარისხი", - თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილის შეფასებით, პროგრესია მედიის თავისუფლების გაზრდის კუთხითაც.

”2014 წელს მედია თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 84-ე ადგილზეა, რითაც წინა წლის შედეგი 16 ადგილით გაუმჯობესდა და რეგიონში პირველ ადგილზე ვართ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, ვინაიდან სწორედ თავისუფალი მედია არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი”, - განმარტა ღარიბაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამბასადორიალი 4 დღის განმავლობაში, 7 - აგვისტომდე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ჩატარდება. ყოველწლიურ შეკრებაზე სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები გაწეულ საქმიანობას შეაფასებენ და მომავალი წლის სამუშაო გეგმებს დასახავენ.

კომენტარები