აქცია თბილისის მერიასთან

მერიაში მოქალაქეების მიღების პირველი დღე ხმაურით მიმდინარეობდა

თბილისის მერ დავით ნარმანიასთან მოქალაქეების მიღების პირველი დღე ხმაურით წარიმართა. მერიაში შეხვედრების განრიგი 14:00-დან 18:00 საათამდე იყო განსაზღვრული, თუმცა რიგის დასაკავებლად თბილისის მცხოვრებლებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. შეკრებილთათვის მერთან შეხვედრის ზუსტი დრო უცნობი იყო, ისინი რიგში დაწინაურებას ცდილობდნენ, რასაც მოქალაქეებს შორის დაპირისპირება არაერთხელ მოჰყვა. ამასთან, ხალხმრავლობის გამო რამდენიმე ქალბატონი შეუძლოდ გახდა.

მოქალაქეები მერისგან სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

შეხვედრიდან გამოსული თბილისელების ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ დავით ნარმანიას ნაცვლად საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებთან შეახვედრეს. მოქალაქეების ნაწილს კი მერთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა.

მოქალაქეთა მიღების საკითხზე თბილისის მერიამ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა და მერთან შეხვედრის მსურველებს დადგენილი წესების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდა. მერია მოქალაქეებს მიმართავს, არ შექმნან ქაოსი და დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ საკითხს მერი, მისი მოადგილეები და საქალაქო სამსახურის უფროსები ერთნაირი ყურადღებით მოეკიდებიან. მერიაში ამბობენ, რომ მათ, ვინც დღეს მიღებაზე შესვლა ვერ შეძლო, მიღების მომდევნო დღეებში ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

კომენტარები