შს მინისტრის ინტერვიუ

პრემიერი: სამინისტროს რეალურად აქვს ინფორმაცია იმაზე, რაზეც ჭიკაიძემ ისაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “სამინისტროს რეალურად აქვს ინფორმაცია იმ გეგმების შესახებ, რომელზეც მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ისაუბრა". პრემიერი ჭიკაიძის ალიასთან ინტერვიუს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას გეგმავსროგორც ღარიბაშვილმა თქვა, დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ყველაფერი დადგინდება და ყველა პოტენციური დამნაშავე თუ დანაშაულის ჩამდენი დაისჯება.

საქართველოს პრემიერის თქმით, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათ მიმართ, ვინც რაიმე ტიპის დესტრუქციულ ქმედებებს გაბედავს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “მიხეილ სააკაშვილი ცნობილია, როგორც არეულობის მთავარი შემომტანი”.

"მიხეილ სააკაშვილი ზოგადად არის ცნობილი, როგორც დესტრუქტორი და მთავარი არეულობის შემომტანი. მე მინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, რომ არეულობის შემოტანის მათი ნებისმიერი მცდელობა დასრულდება მათთვის ძალიან ცუდად. სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე და იქნება დაუნდობელი ყველას მიმართ, ვინც გაბედავს რაიმე სახის დესტრუქციულ მოქმედებას. ჩვენს ქვეყანას აქვს სტაბილური ხანა, სტაბილური პერიოდი. ჩვენ არ გვაქვს ასეთ დესტრუქტორებზე დასახარჯი დრო. ამას მიხედავს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ, ჩემი ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია”, - თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები". მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები გასცა. 

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციის მცდელობაში რამდენიმე თვის წინაც დაადანაშაულა. როგორც 7 აპრილს, ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ პრაიმტაიმნიუსთან განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება". მაშინ ჭიკაიძე იმასაც ამტკიცებდა, რომ "იგეგმება ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებმაც, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება".

აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შს მინისტრი პარლამენტში დაიბარა, თუმცა, ის დეპუტატებთან შეხვედრაზე არ მივიდა. 25 ივლისს კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ”ზოგადად, ძალიან კარგი პრევენციული ინტერვიუ იყო. საკმარისი მტკიცებულებები მქონდა მე. მყავს მეგობრები, რომლებიც თქვენთანაც მეგობრობენ და ბევრი რაღაცა დაფარული, დახურული არ რჩება. ესაა ჩემი პასუხი”.

კომენტარები