შს მინისტრის ინტერვიუ

ენმ შს მინისტრის ინტერვიუზე: სამწუხაროა, რომ გომელაური ჭიკაიძის გზას დაადგა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, "ძალიან სამწუხაროა, რომ გომელაური ჭიკაიძის გზას დაადგა". დეპუტატი შს მინისტრის მიერ კვირის ქრონიკისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ "ნაცმოძრაობა თავისი განცხადებებით ხალხს აღიზიანებს და მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ". ენმ-ის შეფასებით, "ეტყობა, მინისტრებს სპეციალური კატეგორიით არჩევენ, რომ მათი გონებრივი შესაძლებლობები არ იყოს ძალიან მაღალი".
 
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, "იმის ნაცვლად, რომ კრიმინალს ებრძოდეს და პოლიციელების ღირსებას იცავდეს - გომელაურს გადატრიალებები და არეულობები ელანდება, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვგეგმავთ. მათ ჩვენი არ უნდა ეშინოდეთ, მათ უნდა ეშინოდეთ ხალხის, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა ბანკირების აყვანა ურჩია. ჭიკაიძეს ჩვენ ერთი წლის მანძილზე ვთხოვდით, რომ მოსულიყო და ამ საბურავების თემაზე პასუხი გაეცა, მაგრამ ისე მოხსნეს, რომ მან პარლამენტში მოსვლა ვერ გაბედა. თუ რამე ინფორმაცია აქვს გომელაურს - მობრძანდეს პარლამენტში და გვითხრას".
 
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური კვირის ქრონიკასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ "დესტაბილიზაცია არ მოხდება. ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია სტაბილურობა. ნაცმოძრაობა თავისი განცხადებებით ხალხს აღიზიანებს. ჯერ იყო, შემოდგომაზე მოდიოდნენ, ახლა გაზაფხულზე გადაიტანეს. ზაფხულში ისვენებენ და მერე იტყვიან, შემოდგომაზე მოვდივართო. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ. სამწუხაროდ, ქვეყანაზე არ ფიქრობენ".
 
აღსანიშნავია, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არეულობასა და ევრომაიდნის მოწყობის მცდელობაში თავის საგაზეთო ინტერვიუში შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეც ადანაშაულებდა. ის საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში დაიბარა, თუმცა არ გამოცხადდა. ალექსანდრე ჭიკაიძემ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ენმ-ის მხრიდან არეულობის მცდელობის შესახებ განცხადება პრევენციის მიზნით გააკეთა.

კომენტარები