ვატიკანი-საქართველო

პატრიარქი: არ დამავიწყდება პაპის სიტყვები, რომ ჩვენი ეკლესიები ძმებმა დააარსეს

მონსინიორ დომინიკ მამბერტი საპატრიარქოში
facebook.com/holyseeandmalta

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი, მთავარეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი საპატრიარქოში მიიღო. ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქვეყანას პირველად ეწვია. საპატრიარქოს ტელევიზიის, ერთსულოვნების ცნობით, შეხვედრაზე ეკლესიათშორისი დიალოგის აუცილებლობას გაესვა ხაზი. ილია მეორემ რომის კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. კათალიკოსმა პაპ იოანე-პავლე მეორის სიტყვებიც გაიხსენა, რომელიც წმინდანად შერაცხულმა პაპმა 1999 წელს, საქართველოში ვიზიტისას წარმოთქვა.

"გრძელდება ის ტრადიციული და ისტორიული ურთიერთობა, რომელიც პირველი საუკუნეებიდან ჩამოყალიბდა რომსა და საქართველოს შორის. მე არ დამავიწყდება სიტყვები, მისი უწმინდესობის, რომის პაპის, იოანე პავლე მეორის, რომ ჩვენი ეკლესიები ძმების მიერ არის დაარსებული, პეტრესი და ანდრიასი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მოგეცათ საშუალება, ჩამობრძანდით საქართველოში. ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას დიალოგში მართლმადიდებლებსა და რომის კათოლიკეებს შორის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ შორის იყოს ძმური კავშირი, თანამშრომლობა მეცნიერებასა და კულტურაში", - მიმართა პატრიარქმა მთავარეპისკოპოს მამბერტის.

ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და პატრიარქმა ილია მეორემ საჩუქრები გაცვალეს. შეხვედრის ბოლოს ილია მეორემ სტუმარს მის მიერ დაწერილი კათოლიკური საგალობელი, Ave Maria მოასმენინა.

კომენტარები