თბილისის მერია

მერიაში ზღვის დასახლების მაცხოვრებლებს ხვდებიან

თბილისის მერიასთან ხალხმრავლობაა - ნაძალადევის რაიონში ზღვის უბნის 204-ე და 205-ე კორპუსებში შესახლებული ადამიანები თბილისის მერიაში ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან. დედაქლაქის მერიასთან მისული არიან მეტრომშენის თანამშრომლებიც, რომლებიც, თავის მხრივ, ამბობენ, რომ ბინები, სადაც სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან შესახლებული, მათი საკუთრებაა.

ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის გორაზე არეულობა წუხელ გვიან ღამით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ზღვის უბნის 204–ე და 205–ე ნომრების მაცხოვრებლებს პოლიციამ საცხოვრებლების დატოვებისთვის 24-საათიანი ვადა მისცა. მათი  ნაწილი სახურავზე ავიდა, ცეცხლი დაანთო და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

პოლიციამ წუხელვე  გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მეხუთე განყოფილებაში დაკითხა აქციის ერთ–ერთი მონაწილე, რომელსაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა.  აქციის მონაწილე ამბობს, რომ ის მაშველებმა გადაარჩინეს.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის გარდა, აქციაზე მოსახლეობის მხარდასაჭერად მივიდნენ ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ირაკლი ღლონტი პარტია რეფორმატორებიდან.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, მეტრომშენის მფლობელობაში არსებული კორპუსების პრივატიზაცია სასამართლომ გამგეობას ჯერ კიდევ გასულ წლებში დააკისრა, გამგეობამ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა და  მეტრომშენის წარმომადგენლები თვითნებურად შესული ადამიანების გამოსახლებას სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ცდილობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გასახლება 108  ოჯახს შეეხება. მათი უმეტესობა უსახლკარო და სოციალურად დაუცველია. კორპუსებში, რომლებიც ამჟამად გასხვისებულია, ოჯახები  10 წელზე მეტია, რაც ცხოვრობენ. მაცხოვრებლები, რომელთა მტკიცებით, გასხვისება უკანონოდ მოხდა, კორპუსების დატოვებას არ აპირებენ და უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრებიან.

კომენტარები