მძევლად ჩაგდება

ნადირაშვილი: დოკუმენტი ადასტურებს, რომ პრემიერი არის ორღობის ჭორინაკანა

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ 19 წლის მოზარდის, იოსებ გიორხელძის გატაცებაში ბრალდებული დურმიშხან ღვარჩლიანი 2013 წელს ირაკლი ალასანიას ბრძანებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაინიშნა.

"იმ ცნობილ ფაქტზე, როდესაც მოხდა ადამიანის გატაცება, სრულიად უაპელაციოდ და არგუმენტების გარეშე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ ფაქტს კავშირი აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. მან თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ გატაცებაში, იყვნენ შეკრულნი ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ ისინი მოქმედებდნენ შს სამინისტროში და როდესაც ღარიბაშვილი გახდა შს მინისტრი, მან ისინი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ის რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის მატყუარა და არაადეკვატური ეს ნამდვილად არ არის ახალი ამბავი და მე მინდა დღეს ამის დამადასტურებელი კიდევ ერთი დოკუმენტი წარმოგიდგინოთ. ეს არის საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება N28 – ეს ბრძანება 2013 წლის 10 იანვარს არის გამოცემული. ბრძანება ეკუთვნის პირად შემადგენლობას, თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

„დურმიშხან შაქროს ძე ღვარჩლიანი დაინიშნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მეორე რეგიონის სამმართველოს, ქვეგანყოფილების უფროსად" - ეს არის ირაკლი ალასანიას ბრძანება, საიდანაც ირკვევა რომ ეს ადამიანები მუშაობდნენ არა ენმ-სთან, არამედ ირაკლი ალასანიასთან, დაინიშნა მისი პირადი ბრძანებით და იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. რაც ნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ისინი არ გაუთავისუფლებია შს სამინისტროდან, ისინი უბრალოდ დააწინაურეს და ირაკლი ალასანიამ გადაიყვანა თავდაცვის სამინისტროში. ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ ჩვენი პრემიერი არის ორღობის ჭორიკანა" - განაცხადა ნადირაშვილმა.

დღესვე ნადირაშვილის განცხადებას გამოეხმურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც. მისი თქმით, მოზარდის გატაცებისთვის დაკავებულები იყვნენ კუდ-ის გასამხედროვებული ორგანიზაციის თანაშრომლები არჩევნებამდე და მათ არანაირი კავშირი არ ჰქონიათ თავისუფალ დემოკრატებთან. კითხვას, დანიშნა თუ არა სამსახურში ღვაჩლიანი, ალასანიამ არ უპასუხა და ჟურნალისტები საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადაამისამართა.

თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დურმიშხან ღვარჩლიანი და ჯემალ შონია 2013 წლის 10 იანვრიდან მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციაში. დურმიშხან ღვარჩლიანი, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, 2013 წლის 15 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. 4 თვის შემდეგ 2014 წლის 15 თებერვალს კი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.

ასევე ჯემალ შონია 2013 წლის 13 სექტემბერს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, 2014 წლის 13 იანვარს კი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.

კომენტარები