მძევლად ჩაგდება

წულუკიანი: არ გამოვრიცხავ, გატაცების უკან ენმ იდგეს, რადგან კრიმინალი აწყობთ

news.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას "დღეს კრიმინალი აწყობს" და ამიტომ, მისი შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების უკან სწორედ ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები იდგნენ. ამის შესახებ წულუკიანმა გადაცემა არჩევანში განაცხადა. მისი თქმით, ენმ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კუდ-ს და სოდ-ს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. წულუკიანს აინტერესებს, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები "ხომ არ წარმოადგენენ კვლავ იარაღს, ამჯერად, ოპოზიციაში გადასული პოლიტიკური გუნდის ხელში".

"კუდ-ი იყო იარაღი წინა მთავრობის ხელში, რომლითაც სახელმწიფო ჩადიოდა დანაშაულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქმარი რომ ცოლს კლავს, ეს ერთია, იქ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ქმარი დაისაჯოს, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ძალადობს საკუთარ მოქალაქეზე, ეს გაცილებით უფრო მაღალი რანგის დანაშაულია. ადამიანი გაიტაცა კუდ-ის ოთხმა ყოფილმა ჩინოსანმა, რომლებიც თავის დროზე გაათავისუფლა ღარიბაშვილიმა სამსახურიდან, იმიტომ, რომ კუდ-ი გაუქმდა. მე მაინტერესებს და მაქვს ეჭვი, რას ამბობს თავად დაკავებული ხალხი. ხომ არ არის კავშირი მათსა და ოპოზიციას შორის, რომელიც მთავარ პოლიტიკურ კაპიტალს ბოლო თვეებია, აგროვებს იმ სიცრუეზე, რომელიც არის ვითომდა კრიმინალის ზრდა. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ჩვენ გვახსოვს, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს, ხალხი ჩაცხრილა კუდ-მა, გირგვლიანს ყელი გამოჭრეს კუდ-ის მაღალჩინოსნებმა. ხომ არ არის ეს ხალხი დღესაც ყოფილი მმართველი გუნდის ხელში იარაღი. ეს მაინტერესებს, ხომ მაქვს უფლება, რაღაცები მაინტერესებდეს, ხომ შეიძლება, იყოს ისევ იარაღი, ოღონდ უკვე ოპოზიციაში გადასული პოლიტიკური გუნდის ხელში?" - განაცხადა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "თქვენ არ გამორიცხავთ, რომ 19 წლის ახალგაზრდის გატაცების უკან, შეიძლება კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების დახმარებით იდგეს ნაციონალური მოძრაობა?", წულუკიანი პასუხობს, რომ "მე დღეს ეს არ შემიძლია გამოვრიცხო, იმიტომ, რომ მათი მთავარი მესიჯი არის სიცრუე, რომ კრიმინალი გაიზარდა. მათ არა მხოლოდ ის აწყობთ და აინტერესებთ, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდოს, მათ აინტერესებთ, რომ ქვეყანა ცეცხლის ალში გაეხვეს, ციხეებში ქურდები გაპარპაშდნენ, მათ აინტერესებთ აპოკალიფსი საქართველოში".

გადაცემის წამყვანმა იუსტიციის მინისტრს უთხრა, რომ დაკავებულების ოჯახის წევრების ინფორმაციით, მხოლოდ ერთი ბრალდებული მუშაობდა კუდ-ში და მანაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დატოვა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი სამსახურებრივი გადაცდომის გამო. აღნიშნულზე, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ "ამას ამბობს დაცვის მხარე. დაცვის მხარე რასაც ამბობს, მე იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ".

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხი ადამიანი ანგარებით, ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავა. მათი ინფორმაციით, ბრალდებულებმა იოსებ გიორხელიძე 10 ოქტომბერს, იარაღის მუქარით სახლიდან გაიტაცეს. შსს-ს ცნობით, გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები კუდ-ის და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლები არიან.

აღნიშნული "გონივრული ეჭვით" ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები