უკრაინის საპარლამენტო არჩევნები

ხმათა 80%-ის დათვლის შედეგად, პირველ ადგილს იაცენიუკის სახალხო ფრონტი იკავებს

არსენი იაცენიუკი

უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მიცემული ხმების დათვლა გრძელდება. ბიულეტენების 80%-ის დათვლის შედეგად, 21.94%-ით კვლავ პრემიერ იაცენიუკის სახალხო ფრონტი ლიდერობს. მას ოდნავ ჩამორჩება პრეზიდენტ პოროშენკოს ბლოკი 21.6%-ით. რადაში ასევე გადიან გაერთიანება სამოპომიჩი, ოპოზიციური ბლოკი და ბატკივშჩინა. სახალხო ფრონტი აცხადებს, რომ ყველა დემოკრატიულ ძალას კოალიციის ფორმირების თაობაზე მოლაპარაკებებს სთავაზობს.

5%-იან ბარიერს ვერ ლახავს მაიდნის ერთ-ერთი ლიდერის ოლეგ ტიაჰნიბოკის ნაციონალისტური პარტია სვობოდა, რომელმაც ხმების 4.71% მოაგროვა. თუმცა პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ  საბოლო ჯამში პარტია ბარიერს გადალახავს.

ეუთოს დამკვირვებლების მსგავსად, ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმაც ჩატარებული არჩევნები საერთო ჯამში სამართლიანად შეაფასეს.

"რასაკვირველია, ტექნიკური თვალსაზრისით, რაღაც გაუმჯობესება აუცილებელია. ეს ეხება როგორც საკანონმდებლო ბაზას, კამპანიის ტექნოლოგიას და მედიის საქმიანობას, მაგრამ ჩვენი საერთო შთაბეჭდილება დადებითია. ვფიქრობ, უკრაინელმა ხალხმა, მაიდნის შემდეგ, საკუთარ ორიენტაციად ევროპა აირჩია, უკრაინელმა ხალხმა ხმა მშვიდობას მისცა", - აცხადებს ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრეი პლენკოვიჩი.

კომენტარები