ე.წ. ოდეერი

TI: მერიაში, გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და კანცელარიაში ე.წ. ოდეერები მუშაობენ

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო განაგრძობს კვლევას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებში საკუთარი თანამშრომლების ე.წ. ოდეერების (ОДР - офицер действующего резерва) დანიშვნის შესახებ. TI ახალ კვლევაში საჯარო დაწესებულებებში მომუშავე კიდევ სამ ოფიცერზე წერს. ორგანიზაციის ცნობით, შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრობის პარალელურად, არჩილ ბებიაშვილი, პაატა ჯაჭვაძე და გიორგი გამსახურდია, შესაბამისად, დავით ნარმანიას ადმინისტრაციაში მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად, კანცელარიის უფროსის მრჩევლად უშიშროების საკითხებში და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებს პარლამენტს, შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის, "რამდენად ლეგიტიმურია უშიშროების საკითხებში ოფიცრების ინსტიტუტის მუშაობა და, შესაბამისად, რამდენად კანონიერად ერევიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვა ინსტიტუტების კომპეტენციებში, ასევე, რამდენად მიზანშეწონილია თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი ინსტიტუტის შენარჩუნება".

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო წერს, რომ 2013 და 2014 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, არჩილ ბებიაშვილი (დაბადებული 16.06.1959) შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს. ბებიაშვილი პარალელურად 2013 წლის 19 თებერვლიდან 2014 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. 2002 წლის მონაცემებით, მას ეკონომიკის სამინისტროს წინამორბედ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. TI-ს ინფორმაციით, 2014 წლის 25 აგვისტოდან არჩილ ბებიაშვილი მუშაობს თბილისის ახლადარჩეული მერის დავით ნარმანიას ადმინისტრაციის აპარატში მრჩევლის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად.

"არჩილ ბებიაშვილის სახელი ფიგურირებდა ასევე 2011 წლის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გიორგი რატიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული შემოწმების საქმეში. კომისიის წარმომადგენლებმა სწორედ არჩილ ბებიაშვილისა და მისი მეუღლის ბინაში შეამოწმეს, რამდენად კანონიერად გადასცემდა შპს „სუპერ ტვ“ სამაუწყებლო არხებს საქართველოს ტერიტორიაზე. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „სუპერ ტვ“ მთელ რიგ არხებს არამართლზომიერად გადასცემდა, რის საფუძველზეც მას გაფრთხილება მიეცა. აღსანიშნავია, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გიორგი რატიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაავრცელა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის მაკომპრომეტირებელი ფარული აუდიოჩანაწერი", - ნათქვამია TI-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობითვე, 2014 წლის 26 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პაატა ჯაჭვაძე (დაბადებული 03.01.1974) შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს უფროსია. 2013 წლის 24 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მას იგივე თანამდებობა აქვს მითითებული, იქამდე ჯაჭვაძე ჯერ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ TI-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პაატა ჯაჭვაძე 2013 წლის 16 სექტემბრიდან საქართველოს კანცელარიის უფროსის მრჩეველია უშიშროების საკითხებში.

ასევე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, 2014 წლის თებერვალში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსის მოადგილეა. იქამდე გამსახურდია იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო. TI აღნიშნავს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გიორგი გამსახურდია რამდენიმე თვეა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობს.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული „ოდეერები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებში მუშაობენ. ამ ინფორმაციას არ უარყოფენ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები თუ დეპუტატები. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ უშიშროების საკითხებში ოფიცრები თვალყურს ადევნებენ და კონტროლზე ჰყავთ აყვანილი უსაფრთხოების საკითხები იმ ორგანიზაციებში, სადაც ისინი არიან გამწესებულნი. ამასთან, თანამდებობის პირები, რომლებიც პარალელურად სხვა უწყებებში არიან დასაქმებულები არღვევენ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლს რომლის თანახმადაც თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში", - აცხადებს TI და აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ე.წ. ოდეერებს სხვადასხვა უწყებაში უშიშროების სამინისტრო ნიშნავდა.

"ეს პრაქტიკა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში შენარჩუნდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდშიც გრძელდება", - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებაში.

TI-მ სახელმწიფო ინსტიტუტებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, ე.წ. ოდეერების სია 6 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა. სიაში მოხვდნენ: ზაზა მაზმიშვილი, ვლადიმერ ბუნტურიძე და ზაზა მალუძე.

კომენტარები