დაპირისპირება ახმეტაში

ახმეტაში დაპირისპირებისას 19 წლის ლაშა დავითაშვილი დაიჭრა

სოფელი მატანი
tabula.ge

ახმეტაში გუშინდელი დაპირისპირებისას 19 წლის ლაშა დავითაშვილი დაიჭრა. როგორც ტაბულას კორესპონდენტი ახმეტიდან იტყობინება, დავითაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ტაბულასთან საუბარში თქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვს.

ექიმის ინფორმაციით, "ახმეტის სამედიცინო ცენტრში შემოყვანილი იყო 19 წლის მამაკაცი, გულ-მკერდში შემავალი ჭრილობისა და შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანების დიაგნოზით. ახმეტაშივე გაუკეთდა ოპერაცია. აღდგენილ იქნა დაზიანებული ორგანოების მთლიანობა. შემდგომი მკურნალობისთვის გადმოყვანილ იქნა თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში. ამჟამად ავადმყოფის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".

შეგახსენებთ, რომ გუშინ ახმეტაში ეთნიკურად ქისტებსა და ეთნიკურად ქართველებს შორის ორი დაპირისპირება მოხდა. ქართული ოცნების წევრებმა რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ორი წლის წინანდელი ავარიის გამო, ნოდარ ჭიჭიაშვილს სცემეს. პოლიციამ ალხანაშვილები დააკავა, თუმცა ადგილობრივების ცნობით, დეპუტატ ზურაბ ზვიადაურის ძმის თხოვნით გაათავისუფლეს. ამას დაპირისპირება მოჰყვა დაკავებულებისა და დაზარალებულების ახლობლებს შორის. დაპირისპირების დროს სცემეს ეთნიკურად ქისტს ჯოყოლა აჭიშვილს. მისი თქმით, თავს 6-7 ადამიანი დაესხა.

ამის შემდეგ, ქისტებს, რომლებიც დაზარალებული ჯოყოლა აჭიშვილის მოსანახულებლად საავადმყოფოსთან იმყოფებოდნენ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სცემეს. სწორედ აქ დაიჭრა ლაშა დავითაშვილი, რომელსაც ჯოყოლა აჭიშვილის თქმით, ახმეტლების მოქნეული დანა მოხვდა. მისი მტკიცებით, ქისტებს იარაღი არ ჰქონიათ. დაზარალებულები ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს. 

ტაბულას რეპორტიორის ცნობით, მდგომარეობის განსამუხტად ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს, თუმცა, მის იქ ყოფნას შსს არ ადასტურებდა. შსს-ში ასევე განმარტეს, რომ საქმეში დეპუტატი ზვიადაური და მისი ძმა არ ფიგურირებენ. მათივე ინფორმაციით, გამოძიება ცემის ფაქტზე დაიწყო და დაკავებულია ოთხი პირი.

კომენტარები