დაპირისპირება ახმეტაში

მინისტრის მოადგილე ახმეტაში დაპირისპირებაზე: სოფლელებმა იჩხუბეს, მეტი არაფერი

police.ge/

"გუშინ ახმეტაში სპეცრაზმი მობილიზებული არ იყო",- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელ ჩხუბში მონაწილეები დაკავებულები არიან და ჯერ კიდევ არ გაუშვიათ. შეგახსენებთ, რომ ტაბულას რეპორტიორის ცნობით, ადგილზე მდგომარეობის განსამუხტად სპეცრაზმი გამოიძახეს. თუმცა, მათ იქ ყოფნას შსს არც გუშინ ადასტურებდა.

"არავინ არ გაუშვიათ, როგორც ვიცით დაკავებულები არიან ჩხუბზე. ჩხუბი მოუვიდათ, ეგეთი რამე ხდება. დღეში შეიძლება, ორი-სამი მსგავსი ფაქტი მოხდეს. ვთქვათ, ქორწილში მოხდა გუშინ ჩხუბი, ეგ არ გაინტერესებთ რატომღაც, გაინტერესებთ ახმეტაში რომ მოხდა ჩხუბი. ჩვეულებრივი თემა იყო - სოფლელებმა იჩხუბეს ერთმანეთთან, მეტი არაფერი მომხდარა“, - განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჩხუბის გულისთვის სპეცრაზმის მობილიზება არ ხდება.

"სპეცრაზმი შეიძლება, მობილიზირებული ყოფილიყო სამეგრელოშიც და ყველგან თუ დაჭირდათ. ეგ ჩვეულებრივი თემაა. ჩხუბის გულისთვის სპეცრაზმის მობილიზება არ მოხდებოდა. მე, როგორც ვიცი, გუშინ ახმეტაში სპეცრაზმი მობილიზებული არ იყო“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.   

გომელაურის თქმით, ეთნიკურად სომეხმა და ქართველმაც შეიძლება, იჩხუბოს და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებმაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახმეტაში ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა გაღვივდა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ახმეტაში ეთნიკურად ქისტებსა და ეთნიკურად ქართველებს შორის ორი დაპირისპირება მოხდა. ქართული ოცნების წევრებმა რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ნოდარ ჭიჭიაშვილს სცემეს. პოლიციამ ალხანაშვილები დააკავა, თუმცა, ადგილობრივების ცნობით, დეპუტატ ზურაბ ზვიადაურის ძმის თხოვნით გაათავისუფლეს. ამას დაპირისპირება მოჰყვა დაკავებულებისა და დაზარალებულების ახლობლებს შორის. დაპირისპირების დროს დაშავდა ეთნიკურად ქისტი ჯოყოლა აჭიშვილი.

ამის შემდეგ, ქისტებს, რომლებიც დაზარალებული ჯოყოლა აჭიშვილის მოსანახულებლად საავადმყოფოსთან იმყოფებოდნენ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სცემეს. დაზარალებულები ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს.

შსს-ში ასევე განმარტეს, რომ საქმეში დეპუტატი ზვიადაური და მისი ძმა არ ფიგურირებენ. მათივე ინფორმაციით, გამოძიება ცემის ფაქტზე დაიწყო და დაკავებულია ოთხი პირი.

ასევე ტაბულას რეპორტიორის ცნობით, რომელიც ადგილზე იმყოფება, დაპირისპირებისას დაიჭრა ლაშა დავითაშვილი, რომელიც ახლა თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია. შსს-ს დაჭრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

კომენტარები