თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

საგანელიძე: გასაიდუმლოებული დოკუმენტების გარეთ გამოტანა დაუშვებელია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძისთვის გაუგებარია, რატომ ამბობენ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები უარს, პროკურატურის პირობებზე. საგანელიძე პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ე.წ კაბელების საქმეზე ადვოკატებს საქმის საიდუმლო მასალების გაცნობა პროკურატურაში, დროებითი მოთავსების იზოლატორსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესთავაზეს, თუმცა, უარი მიიღეს. პროკურატურის განცხადებით, ადვოკატები დოკუმენტების გადაცემას და თან წაღებას ითხოვდნენ, რაც უწყების განმარტებით, დაუშვებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აღნიშნავს, რომ "გასაიდუმლოებული დოკუმენტების გარეთ გამოტანა დაუშვებელია, რადგან შეიძლება მოხდეს მისი ქსეროასლის გადაღება, ფოტოგადაღება და სადმე გადაგზავნა". საგანელიძის თქმით, "მე დისერტაციას როცა ვწერდი, სამედიცინო ბიბლიოთეკაში ვიჯექი და იქ ვმუშაობდი. ხელნაწერთა ინსტიტუტში რამდენი დოკუმენტია, ვინ გამოგატანს. რეზო თაბუკაშვილმა ფანტასტიკური დოკუმენტური ფილმები შექმნა ექვთიმე თაყაიშვილზე, რომელი ეკლესიიდან და ბიბლიოთეკიდან გამოატანეს მას დოკუმენტები, როცა საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში მოგზაურობდა?". საგანელიძის განცხადებით, "თუ ადვოკატს აქვს სურვილი და ვინმე უშლის დოკუმენტების გაცნობას, მე ჩავერევი. მაინცდამაინც ამ შენობაში მინდა და იმ შენობაში - არა, არ არის სწორი".

კომენტარები