საქართველო-ლატვია

საქართველოს პრეზიდენტი ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტები დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, "ანდრის ბერზინშთან შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ორი პარტნიორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ თანამშრომლობის უფრო გაღრმავების სურვილი". გიორგი მარგველაშვილის თქმით, "ლატვიის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის თანადგომა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის". მან ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლატვიის პრეზიდენტის უმაღლესი რანგის ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ამ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხობის საკითხებსა და უკრაინაში შექმნილ კრიზისზე, შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა მიუღებელია.

"პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ დელეგაციები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, გამოითქვა სურვილი გაღრმავდეს თანამშრომლობა ბიზნესის, ვაჭრობის, ტურიზმის, თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები