საქართველო-ლატვია

გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეს ბერზინშმა ბათუმში ბიზნესფორუმი გახსნეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ბათუმში ბიზნესფორუმი გახსნეს. ორი ქვეყნის ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ყურადღება ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობაზე გაამახვილეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას და მის თანმხლებ დელეგაციას მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი ფორუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას. ამასთან, "გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია". პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო რეგიონში ლიდერია ბიზნესგარემოს თვალსაზრისით.

"საქართველო დღეს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქვეყანაა საინვესტიციო კლიმატის მხრივ როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში. ასევე ლიდერია სავაჭრო პოტენციალის თვალსაზრისით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ღონისძიებას ქართული და ლატვიური ბიზნესწრეების 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმის ფარგლებში ბიზნესმენთა სამუშაო შეხვედრებიც გაიმართა.

დღესვე იურმალისა და ბათუმის მერებმა ორი ქალაქის დამეგობრების მემორანდუმი გააფორმეს.

კომენტარები