საქართველო-ლატვია

შეუწყდეს საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი – კოლსი ოდიშარიაზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი/ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია

ლატვიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი ითხოვს, ბექა ოდიშარიას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი შეუწყდეს.

X-ზე დაწერილ პოსტში კოლსი ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მისამართით გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ ფრაზებს ეხმაურება და წერს, რომ მისი სიტყვები "ამაზრზენი" და "საზიზღარია".

"ბ. ოდიშარია ამჟამად ასევე არის ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში - პირი, რომელსაც ლატვია თავის წარმომადგენლობას  ანდობს... სირცხვილია ასე გაგრძელება; საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს". - წერს კოლსი.

"დედა მოვ**ან თქვენი, მოუ**ვნელი დედაკაცების ჯოგი [...] ეს არის მოუ**ვნელი ქალების სინდრომი". - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კომენტარების საპასუხოდ.

იმავე პოსტში ლატვიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ "საქართველოს სასწორი ისევ კრემლისკენ იხრება".

"საქართველო ისევ სულ უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო და უფრო შორდება ქართველების მიერ არაერთხელ გამოთქმულ პოზიციას ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მომავლის მშენებლობის სასარგებლოდ. გაცოცხლებული ზომბი - "უცხოური აგენტების" კანონპროექტი, რუსული მოდელით შექმნილი და აბსოლუტურად უარყოფილი. კარგი არგუმენტები და დათმობაზე წასასვლელი გზები გეწურებათ - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეორე მხარე არ ბრუნდება და ზურგს გაქცევთ". - წერს კოლსი.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი მარტის აქციების შემდეგ ჩავარდნილი კანონპროექტის ტექსტის იდენტურია. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდა ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩა.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები