საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ბაქრაძე: ჩვენთან ბრალდებულების უკრაინაში დანიშვნა დადებითად არ აისახება

http://greece.mfa.gov.ge/

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის შეფასებით, ერთ ქვეყანაში ბრალდებული პირის მეორე, მეგობარ ქვეყანაში სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა ურთიერთობებზე დადებითად არ აისახება. სახელმწიფო მინისტრი უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"ჩვენ უკრაინასთან გვაქვს საერთო მიზნები, რომლებიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება და საერთო გამოწვევები. თუმცა ორ ასეთ მეგობრულ ქვეყანას შორის, როდესაც ერთ ქვეყანაში ბრალდებული პირი შეიძლება ინიშნებოდეს სახელმწიფო თანამდებობაზე მეორე ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს დადებითად არ აისახება ურთიერთობებზე, განსაკუთრებით ახლა, როდესაც აქტიურია ჩვენი თანამშრომლობა, როდესაც პრემიერმინისტრი თავად აპირებს გამგზავრებას იანვარში და როდესაც მთავრობის წევრებს მიღებული გვაქვს პირდაპირი დავალება, რომ ჩვენი საერთო ინტერესების სამსახურში მეტი ძალისხმევით გავაგრძელოთ თანამშრომლობა", - განაცხადა ბაქრაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით.

ცნობისთვის, უკრაინული მედია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა მაღალჩინოსნის მაღალ თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის შესახებ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში იუწყება. უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო KyivPost-მა გუშინ ინფორმაცია გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მან უარი თქვა შეთავაზებაზე.

წინა კვირას გავრცელებული ცნობის მიხედვით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, შესაძლოა, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმავე პოსტზე ეკა ზღულაძის კანდიდატურის განხილვის შესახებ. ამასთან, ფრაქცია პეტრო პოროშენკოს ბლოკმა უმაღლეს რადას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი წარუდგინა. 

კომენტარები