ივანიშვილი ალასანიაზე

ივანიშვილი: ალასანიამ არ იცის, როგორ იმართება სახელმწიფო

ტაბულა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ცუდად ფლობს მენეჯმენტს და არ იცის, როგორ იმართება სახელმწიფო. აღნიშნულით ის ირაკლი ალასანიას ნათქვამს გამოეხმაურა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილზე თქვა, რომ "ინსტიტუტებისა და კანონის ნაცვლად, ქვეყანას ერთი კაცის ნება მართავს".

"თუ ის ამას სერიოზულად ფიქრობს, მან არ იცის, რა არის მართვა საერთოდ, არ იცის, რა არის მენეჯმენტი, მე არ მინდა კრიტიკას კრიტიკით ვუპასუხო, თუმცა, ირაკლი ალასანია იყო ის მინისტრი და ის პიროვნება, რომელსაც მე ვიცნობ საკმაოდ დიდი ხანია და სწორედ რომ პრობლემები ჰქონდა მას მენეჯმენტში და არაერთჯერ მქონია მასთან ამ თემაზე საუბარი. მენეჯმენტში პრობლემა თუ გნებავთ, გახლავთ ის, რომ, როგორც შსს-მ, ისე სასჯელაღსრულების სამინისტრომ, რაღაც 1-2-კვირაში გადაალაგეს კვების საკითხი თავის სამინისტროებში და საუკეთესო კვება დაუნიშნეს თავის თანამშრომლებს, ირაკლი ალასანიამ ეს ვერ მოახერხა ჩემი პრემიერობის პერიოდში, მთელი ერთი წლის განმავლობაში - 4 ტენდერი ჩაშალა. ისევ ძველი კომპანია, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა დაფუძნებული და ემსახურებოდა მომარაგებას, ისევ ის ემსახურებოდა მომარაგებას და უამრავი მოწამვლები და დიარეა ჰქონდათ ჯარისკაცებს. ეს იყო შედეგი ამის. ეს არის ცუდი მენეჯმენტის შედეგი.

ირაკლი ალასანიას, რამეთუ, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ მას ჰქონდა არჩევნების პროცესში სამეგრელოს რეგიონი ჩაბარებული მისივე ინიციატივით, რასაც მე დავეთანხმე. ერთადერთი ბესელიამ მოინდომა, რომ მას დამოუკიდებლად მოემართა ფოთი და არ დაქვემდებარებოდა ირაკლი ალასანიას მენეჯმენტს და მართვას. მან გაიმარჯვა კიდეც. სხვაგან აბსოლუტურად ყველგან წავაგეთ ჩვენ სამეგრელოში არჩევნები. ვერ გაიმარჯვა ვერცერთ ადგილას, ვერცერთი მანდატი ვერ მოიპოვა და ამავდროულად ვერცერთი დარღვევა ვერ დააფიქსირა. მრავალჯერ მითქვამს, რომ მაქვს შეკითხვები, რა მოხდა სამეგრელოში და ახლაც შევახსენებდი, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ასეთი წარუმატებულობა განვიცადეთ სამეგრელოში არჩევნების დროს და სიტუაცია იყო განსხვავებული, სწორედ რომ მისი სუსტი მენეჯმენტის და კიდევ რაღაცების შედეგი შეიძლება იყოს", - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ კულისებიდან სამართავად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

"შესაბამისად, ასეთი გაუაზრებელი გამონათქვამების შემდგომ, მე თავს უფლებას ვაძლევ, მას ეს ყველაფერი შევახსენო. კულისებიდან სახელმწიფო ასე ვერ მოიმართება, თანაც კულისებიდან როცა ვინმე მართავს სახელმწიფოს, მას უნდა ჰქონდეს ბერკეტები. მე არავითარი ბერკეტები გამაჩნია და ამის პრეცედენტი გახლავთ პრეზიდენტი, რომელმაც არ მოისურვა ჩემთან ურთიერთობა და ავტომატურად დასრულდა ყველაფერი. მე არავითარი ბერკეტი არ მაქვს, უსუფაშვილი, ღარიბაშვილი ან პარლამენტი ვმართო, არც ჩანაწერებს ვფლობ, არ გაქვთ, ალბათ, ამაზე ეჭვი და არანაირი ბერკეტი არ გამაჩნია. ვისაც მოესურვება რჩევა, ეს პოლიტიკაში აშკარად მიღებულია, ყოფილ პოლიტიკოსებს ყველა ქვეყანაში ეკითხებიან. საწყენია, რომ გუშინდელი პარტნიორები დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებენ. ალასანიას მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ ცუდად ფლობს მენეჯმენტს და არ იცის, როგორც ჩანს, როგორ იმართება სახელმწიფო", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები