ზვიად ჯანყარაშვილი

ქართული ოცნება: ჯანყარაშვილი არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს განცხადებით, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა ზვიად ჯანყარაშვილმა საკუთარი სურვილით დატოვა. მათივე განმარტებით, ჯანყარაშვილი არცერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ზვიად ჯანყარაშვილი აღარ ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას, მას მუდმივად, პრემიერის ოჯახთან ნათესაობის გამო, სხვადასხვა სახის ბრალდებას უყენებდნენ. იმისთვის, რომ საზოგადოებას აღარ დარჩეს კითხვები და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემით სპეკულირება, ზვიად ჯანყარაშვილმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა პარტიული თანამდებობაც. იგი არცერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს", - აცხადებს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი სექტემბერში გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა კი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიკავა. მანამდე ის, სიღნაღში, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. 

2013 წლის მარტში, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა უწყებაში ნეპოტიზმის შემთხვევებზე ისაუბრა. ნადირაშვილმა მოიყვანა რამდენიმე მაგალითი და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ნათესავები სხვადასხვა თანამდებობებზე არიან დანიშნულები. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი კი გენერალური ინსპექციის უფროსია. ღარიბაშვილმა ამ გამოსვლას არასერიოზული უწოდა და თქვა - "თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?".

ინციდენტის შემდეგ ჯანყარაშვილმა თანამდებობა იმ მიზეზით დატოვა, რომ არ სურდა ქვეყნის პრემიერმინისტრთან ნათესაობის თემაზე სპეკულაციების გაგრძელება. მიუხედავად ამ განმარტებისა, ჯანყარაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ქართული ოცნების გენერალურ მდივან კახი კალაძესთან განხეთქილებას ასახელებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კალაძესა და ჯანყარაშვილს შორის უსიამოვნება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოს სიაში ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი არ იყო. ასევე ამბობდნენ, რომ შიხიაშვილს ლობირებას სწორედ ჯანყარაშვილი უწევდა. ამ ინფორმაციას ირაკლი შიხიაშვილი უარყოფს. 

კომენტარები