ზვიად ჯანყარაშვილი

ღარიბაშვილი: ზვიად ჯანყარაშვილისთვის ძალიან დამღლელია უსაფუძვლო ბრალდებები

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას ზვიად ჯანყარაშვილი ნათესაობის კუთხით არ შეურჩევია. მისი მტკიცებით, ჯანყარაშვილი ეფექტური მენეჯერი და ერთგული კადრია. პრემიერის განმარტებით, ჯანყარაშვილმა თანამდებობა ორივეჯერ იმიტომ დატოვა, რომ მის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმოდა.

"მე არ შემირჩევია ზვიად ჯანყარაშვილი ჩემი ნათესაობის კუთხით. ეს არასდროს დამიმალავს, რომ ის ჩემი ნათესავი იყო. ჩვენ შევედით ურთულეს დროს, ურთულეს სამინისტროში, შსს არის ძალიან რთული სამინისტრო. 6 თვის განმავლობაში ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 1500 ადამიანის გადაადგილება და 3-ჯერ შევცვალეთ კადრები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მარტივი საქმეა, ძალიან ცდება. ძალიან რთული მუშაობა გავწიეთ. მათ შორის იყო ზვიადი, რომელიც ერთგულად მედგა გვერდში. მაგრამ დადგა დრო, როცა სიტუაცია დაწყნარდა და ბრალდებები ისმოდა მისი მისამართით, რომ ნათესაური ნიშნით არის დანიშნული და ა.შ., ის, ეფექტური მენეჯერი, ერთგული კადრია და ამ ნიშნით შევარჩიე. როგორც პროფესიონალი თავის საქმის. სხვა მოტივაცია მე არ მქონია. ამის შემდეგ, თვითონ მოვიდა ინიციატივით, რომ დატოვებდა გენინსპექციის უფროსის თანამდებობას. გავიდა რამდენიმე თვე, ამის შემდეგ ჩვენ შევთავაზეთ ეს თანამდებობა[აღმასრულებელი მდივნის] პარტიაში, მაგრამ ეს პროცესი მაინც გაგრძელდა. თვითონ თქვა, რომ ეს ძალიან დამღლელია მისთვის - ეს პროცესი, ეს უსაფუძვლო ბრალდებები. მას მიაჩნია, რომ ეს დაუსაბუთებელი კითხვები აზიანებს, ზოგადად, მთავრობას და სჯობია, რომ მან ეს თანამდებობაც დატოვოს.

მე, ზოგადად, ადამიანს ვაფასებ თავის ქმედებით და არა უბრალოდ ჭორაობით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით. შეიძლება, ყველაფერი დააბრალო, მაგრამ თუ ფაქტი არ წარმოადგინე, ძალიან რთული იქნება ასე ადამიანის განსჯა", - თქვა პრემიერმინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა. მიმდინარე წლის აპრილში მან თანამდებობა დატოვა. მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურდა, პრემიერთან ნათესაური კავშირი სპეკულაციების საგანი გამხდარიყო.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ჯანყარაშვილი პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. მან ეს პოსტი რამდენიმე 6 დეკემბერს დატოვა.

კომენტარები