თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ბესელია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: ეს არის შიდაუწყებრივი პრობლემა

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს, რადგან განცხადებას განმარტება და მობოდიშება მოჰყვა.

"როდესაც უშუალოდ თავდაცვის მინისტრისგან ეს განცხადება ამ აქცენტებით რაც იყო გავრცელებული, არ მოგვისმენია და უფრო მეტიც, გაკეთდა განმარტება და მობოდიშება იყო საზოგადოების მიმართ, მე არ მიმაჩნია, რომ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ეს არ არის შესატყვისი და ადეკვატური იმისა, რაც მოხდა, იმიტომ, რომ განცხადების გავრცელება მოხდა შეუთანხმებლად, ეს არის შიდაუწყებრივი პრობლემა",-თქვა ბესელიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა. ნაციონალური მოძრაობა კი ოთხშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას მოითხოვს.

კომენტარები