თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ალასანია: პრემიერმა თითოეულ ჯარისკაცს შეურაცხყოფა მიაყენა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე პრემიერმინისტრის დღევანდელი განმარტება მიუღებელი და ქართველი სამხედროებისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

„მთავარი, რაც დღეს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშიც ძალიან მომხვდა ყურში და გულზეც გახლავთ ის, რომ განცხადება ტექნიკური შეცდომა იყო, თორემ იმაში, რაც იქ ეწერა, მისთვის მიუღებელი არაფერი ყოფილა. ეს არის ფუნდამენტური შეცდომა, ვინაიდან განცხადების სულისკვეთებაა დამღუპველი და რომ ვერ ხვდება ქვეყნის პრემიერმინისტრი, რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღესაც თავდაუზოგავად დგას საგუშაგოზე და საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს ღირსებას იცავს, ამის ტრაგიკულობას რომ ვერ აღიქვამს პრემიერი, ესაა შემაშფოთებელი", - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, სადაც არ უნდა იყოს ბრძოლაში ქართველი, მით უმეტეს საერთო მტრის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, უნდა დაფასდეს როგორც გმირული ნაბიჯი და შესაბამისი პატივით უნდა მოვექცეთ მას და მის ოპჯახს"

ამავე დროს, ალასანიას აზრით, საქართველო არ უნდა ჩაებას უკრაინა-რუსეთის კიევში არსებულ სამხედრო დაპირისპირებაში. „უკრაინაზე როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა საქართველო არ უნდა ჩაებას სამხედრო დაპირისპირებაში. ეს, რა თქმა უნდა, ანბანური ჭეშმარიტებაა, რადგან ეს არ არის ომი, სადაც საქართველომ საკუთარი ძალები უნდა გააგზავნოს, მაგრამ როცა მოხალისე, ყოფილი სამხედრო ამ გადაწყვეტილებას იღებს და ის მიდის იქ, მე ის მიმაჩნია გმირად", - აღნიშნა ალასანიამ.

კომენტარები