თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ალასანია: სამინისტროს განცხადება იყო უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადება უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ იყო უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი. რაც შეეხება მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხს, ალასანიამ აღნიშნა, რომ უჭირს ამაზე საუბარი, თუმცა, მისი თქმით, კონკრეტული პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს.

"მე პირადად ძალიან მიჭირს საუბარი ჩემს შემცვლელზე, რომ ვისაუბრო მისი პასუხისმგებლობის დაყენებაზე. სულ რაღაც ერთი თვის წინ თავად ვიყავი თავდაცვის მინისტრი. იყო ძალიან უხეში, გაუგონარი და შეურაცხყოფელი განცხადება და ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ყველა მეომარს, რომელიც ბრძოლაში იღუპება, ყველა ქართველს, რომელიც მტერთან ბრძოლაში იღუპება, შესაბამისი პატივი უნდა მივაგოთ. ამ კუთხით კონკრეტული პასუხისმგებლობა რომ უნდა დადგეს, ეს ყველასთვის ნათელია. მაგრამ, პირველ რიგში, თავდაცვის სამინისტრო თავად უნდა გაერკვეს, რამ გამოიწვია ამ განცხდების გავრცელება", - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა. ნაციონალური მოძრაობა კი ოთხშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას მოითხოვს.

კომენტარები