თავდაცვის სამინისტროს განცხადება

აბაშიძე: ბოდიშის მოხდა, მგონი, არ შველის ამ საქმეს

timer.ge

პარლამენტის ვიცესპიკერი ზურაბ აბაშიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე ფიქრობს, რომ ბოდიშის მოხდა ასეთ მნიშვნელოვან თემებზე "საქმეს არ შველის".

"საინტერესოა, ერთხელ და სამუდამოდ გავერკვიოთ, ამ განცხადების გაკეთების პროცესში, მინისტრი იყო თუ არა საქმის კურსში და საერთოდ, რა პასუხისმგებლობას იღებს ამ საკითხებთან მიმართებაში. ბოდიშის მოხდა, ასეთ მნიშვნელოვან თემებზე, მგონი, არ შველის ამ საქმეს",-თქვა აბაშიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა და მას ტექნიკური შეცდომა უწოდა. საპარლამენტო უმცირესობა ოთხშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას მოითხოვს.

კომენტარები