საგარეო პოლიტიკა

ხიდაშელი: ვიმსჯელეთ NATO-ს სამოქმედო გეგმასა და ასოცირების კომისიაზე

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ძირითადი აქცენტი NATO-ს ეროვნულ სამოქმედო გეგმასა და ასოცირების საპარლამენტო კომისიის შექმნაზე გაკეთდა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თინა ხიდაშელმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ძირითადი აქცენტი იმ ორ სასწრაფო ამბავზე გაკეთდა რაც ახლავე, ძალიან მალე უნდა მოხდეს, ეს არის NATO-ს ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე იანვრის ბოლოს უნდა გაიგზავნოს და ამის შესახებ იყო საუბარი. მეორე ეს არის ასოცირების კომისია, რომელიც უნდა შეიქმნას პარლამენტში, მოგეხსენებათ სამთავრობო უკვე არსებობს და წესების მიხედვით რატიფიკაციის შემდეგ უკვე ასეთი პარლამენტშიც უნდა გაკეთდეს. ამას გარდა შევათანხმეთ, უკვე რაც ვიცით, 2015 წლის კალენდარი უკვე დაგეგმილი ვიზიტები, როგორც საქართველოში ვიზიტები, ისე საქართველოდან ვიზიტები" - თქვა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო პრემიერმინისტრის ინიციატივით შეიქმნა. საბჭოს პირველი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში სამ საათზე მეტს გაგრძელდა. მას საქართველოს პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობდა. სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ასევე ევროპულ და ევროატლანტიურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ესწრებოდნენ. საბჭოს შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე დეპუტატიც მონაწილეობდა.

კომენტარები