საქართველო-ესტონეთი

საქართველოსა და ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

საქართველოს მთავრობა

დღეს სასტუმრო რედისონში ესტონეთის პრემიერმინისტრის ტაავი რიივასის ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმს საქართველოს და ესტონეთის პრემიერმინისტრები უძღვებოდნენ. სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ბიზნესის სიმარტივის რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს იკავებს, რაც საერთაშორისო ბიზნესისთვისქვეყნის  მიმზიდველობას განაპირობებს.

ესტონეთის პრემიერმა კი, საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო პოტენციალზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს. ტაავი რიივასის შეფასებით, მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები ყველაზე მეტად მცირე ეკონომიკის ქვეყნებზე აისახება, რის გამოც მცირე ზომის ქვეყნების წინაშე დიდი გამოწვევებია.  

"დღეს აქ მრავალი ესტონური კომპანიაა წარმოდგენილი, ჩვენ ესტონეთშიც მივესალმებით ქართულ კომპანიებს. ვიცით, რომ საქართველოში კარგი ღვინო და თხილია, თუმცა გვინდა, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის ვაჭრობა უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ჩვენ უნდა გავაფართოოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, რასაც ჩვენი მთავრობები აკეთებენ კიდეც", - განაცხადა ესტონეთის პრემიერმინისტრმა.

ბიზნესფორუმზე გაფორმდა ორმხრივი მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ შეთანხმება. შეთანხმებას ხელი საქართველოსა და ესტონეთის პრემიერმინისტრებმა და ესტონეთისა და საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

"დღევანდელი ბიზნესფორუმის ერთ-ერთი უმთავრესი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების დეტალების განხილვაა, რაც საქართველოსთვის უდავოდ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. დღესვე ჩენს ქვეყნებს შორის მგზავრებისა და ტვირთის გადაზიდვის შესახებ გაფორმდა ხელშეკრულება, რაც საქართველოსა და ესტონეთის ურთიერთთანამშრომლობის სივრცეს გაზრდის", - ამბობს ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი.

ფორუმში მონაწილეობა საქართველოსა და ესტონეთის 120-ზე მეტმა კერძო და სახელმწიფო კომპანიამ მიიღო.

კომენტარები