საქართველო-ესტონეთი

დღეს, საქართველოს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა

NY Daily News

დღეს, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოდის. კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით მეუღლესთან გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან ერთად ეწვევა. სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაშიც ესტონეთის სახელმწიფო უწყებების პირველი პირები და ბიზნესმენებიც შედიან. 

ესტონეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეხვედრებს გამართავენ პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ქართველი და უცხოური მედიის კითხვებს უპასუხებენ. 

ამის შემდეგ, კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება და ქართულ - ესტონურ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ასევე შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები ხურვალეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლსაც ესტუმრებიან. კერსტი კალიულაიდი წეროვანის საჯარო სკოლასაც ეწვევა.

"კერსტი კალიულაიდი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და ესტონური პროექტის ხელშეწყობით დაარსებულ კომპიუტერულ კლასს მოინახულებს. ესტონეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად სახელმწიფო ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში თბილისს, მცხეთასა და იმერეთის რეგიონს დაათვალიერებს" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები