თბილისის მერია

მიწისქვეშა გადასასვლელები შპს უძრავი ქონება-თბილისის დაქვემდებარებაში გადავა

დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები შპს უძრავი ქონება - თბილისის დაქვემდებარებაში გადავა. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, კომპანია, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობაზე იზრუნებს, დედაქალაქის მერიას ექვემდებარება. უძრავი ქონება - თბილისს სულ სამართავად 54 მიწისქვეშა გადასასვლელი გადაეცა. კომპანია ვალდებულია, მათი განათების, კეთილმოწყობისა და ფართების გაქირავების საკითხებზე იმუშაოს.

"წელს, ჩვენ, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე გვაქვს ერთ მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილი და ვავალებ ამ უწყებას, რომ დროულად დავიწყოთ სამუშაოები", - განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფართების გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხი მოწესრიგდეს და მიწისქვეშა გადასასვლელები გახდეს რეალურად გამოყენებადი.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ თბილისის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ტერიტორია გამოიყოფა. დავით ნარმანიას თქმით, პირმა, რომელსაც სამშენებლო ნარჩენები ექნება, თბილსერვისს უნდა მიმართოს, რომელიც მას გამოყოფილი ადგილის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

კომენტარები