შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი კომერციული მოსყიდვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი დააკავეს. 

გამოძიების ვერსიით, ბორჯომის სადგურის ხელმძღვანელი გოჩა კოპაძე და ბორჯომის სადგურის მთავარი ინჟინერი ვასილ გოგოლაძე 2014 წლის სექტემბრის თვიდან 2015 წლის თებერვლამდე მოქალაქეს, რომელიც ქალაქ თბილისში, ბორჯომის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არაოფიციალურ ავტოსადგომზე განთავსებულ ავტომანქანებს მეთვალყურეობას უწევდა, ყოველდღიურად სთხოვდნენ და ართმევდნენ 150 ლარს. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ავტოსადგომიდან გაგდებით ემუქრებოდნენ იმ მოტივით, რომ აღნიშნული ტერიტორია საქართველოს რკინიგზის საკუთრებას წარმოადგენდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები