საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ბოკერია: თუ უკრაინაში გაუადვილდა პუტინს, მით უფრო ადვილად მოიცლის ჩვენთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნის გამო უკრაინის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება არის გაგრძელება "აბსოლუტურად არაკომპეტენტური და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო პოლიტიკის". ამის შესახებ ბოკერიამ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ "უკრაინა ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალი თვალსაზრისით".

"გარდა სუფთა მორალური საკითხისა, რომ მეგობარი ერია და გმირულად იბრძვის პუტინის, კრემლის აგრესიის წინააღმდეგ და ეს ხალხი გვერდით გვედგა მაშინ, როცა ჩვენ გვიჭირდა - 2008 წლის აგრესიის დროს, გვაქვს სუფთა პრაგმატული ინტერესები. 1. უკრაინის, ამ ლოკომოტივის გარეშე ძალიან გაჭირდება ჩვენი ეროვნული ინტერესის შესრულება, რომ თავისუფალ სივრცეში, ევროატლანტიკურ სივრცეში, ევროპაში დავბრუნდეთ. და 2. უკრაინის შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას, პირდაპირ აისახება ჩვენზეც. რაც უფრო მეტი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს ამ ბრძოლაში, მათ შორის რეფორმების გატარებისას ქვეყნის შიგნით, მით უფრო ნაკლებია საფრთხეები ჩვენთვის და პირიქით, თუ უკრაინაში გაუადვილდა პუტინს, მით უფრო ადვილად მოიცლის ხელახლა და უფრო მასშტაბურად ჩვენთვის, თუმცა არც ახლაა გაჩერებული აგრესიის მრავალი ფრონტი. ეს სუფთა პრაგმატული ამბავია და ეს არ ესმის ივანიშვილის გუნდს, უფრო სწორად მათი არაადეკვატური, პიროვნული ბოღმა უფრო მაღლა დგას, ვიდრე სახელმწიფოებრივი ინტერესი" - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ "ელჩის დაბარება გაგრძელებაა იმ ზიანისა, რომელსაც ესენი ყოველდღე აყენებენ ჩვენს ქეყანას და ამიტომ არის აუცილებელი, რომ ამ ხალხს დემოკრატიული გზით მივუჩინოთ საკუთარი ადგილი, სანამ ისინი მართლა უფსკრულში არ გადაგვჩეხავენ".

ცნობისთვის, უკრაინის ელჩი ვასილ ციბენკო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის გუშინ დაიბარეს. ციბენკომ თამარ ბერუჩაშვილის უწყებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დღეს მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ "უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე დანიშნა".

კომენტარები