საქართველო-უკრაინა

გოგოლაშვილი: უკრაინა აჩვენებს, რომ არ უწევს ანგარიშს საქართველოს მთავრობას

ტაბულა

პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა "დიდწილად აქ არის აშკარა დემარში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ". როგორც გოგოლაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში აღნიშნა, უკრაინა აჩვენებს, რომ "არ უწევს ანგარიშს საქართველოს მთავრობას. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სააკაშვილი, მისი კოლეგები, მათთან კარგი ურთიერთობა და მათი გამოყენება, მათთან ერთად ტანდემში ყოფნა, ვიდრე საქართველოს მთავრობასთან".

"დღეს უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია დასავლეთთან, იმ ძალებთან ურთიერთობების დალაგება, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ძალიან დიდ ასპარეზზე და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ რეგიონთან მიმართებით. აქ შეიძლება ვთქვათ, რომ სააკაშვილმა მიაღწია იმას, რომ ის დარჩა პოლიტიკურ ფიგურად საერთაშორისო არენაზე, ნამდილად არ არის პოლიტიკური გვამი. შეიძლება შევაქოთ ნაციონალური მოძრაობა, რომ მათ გამოიყენეს გამჭრიახობა, გარდა იმისა, რომ გულწრფელად უჭერდნენ მხარს მაიდანის მოვლენებს და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას. მეორე მხრივ პოლიტიკურად ძალიან კარგად გამოიყენეს ეს სიტუაცია იმ მხრივ, რომ საერთაშორისო მასშტაბით და მით უმეტეს უკრაინაში ძალიან გაიმყარეს იმიჯი. წინა პოზიციებზე აღმოჩნდნენ. ისინი გვერდზე ედგნენ პოროშენკოს, იაცენიუკს, სხვა ლიდერებს, ისინი გვერდზე ედგნენ უკრაინელ ხალხს და, რა თქმა უნდა, ახლა თვითონ შიდა მოხმარებისთვისაც კი სააკაშვილის დანიშვნა ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე არის მომგებიანი პოროშენკოსთვის იმიტომ, რომ ეს აძლიერებს მის პოზიციებს, მის ლეგიტიმაციას თუ გნებავთ უკრაინელი მოსახლეობის თვალში", - განაცხადა გოგოლაშვილმა. 

კომენტარები