რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულება

რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

TASS

მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა სახელმწიფო საზღვრის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. რუსეთის პირველი დიპლომატის, სერგეი ლავროვის თქმით, გაფორმებული შეთანხმება გააბათილებს სპეკულაციებს იმის შესახებ, თითქოს რუსეთი სამხრეთ ოსეთის ანექსიას ცდილობს. მისივე განმარტებით, სამომავლო ურთიერთობები თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში მოიცავს. თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის თქმით, ხელმოწერილი შეთანხმების გარდა დოკუმენტი მომზადდა, რომელიც ჟენევის დისკუსიის ფარგლებში საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიას ითხოვს.

"ვისაუბრეთ საერთაშორისო არენაზე ურთიერთდამოკიდებულებაზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიებში ოსეთისა და რუსეთის დელეგაციის მონაწილეობაზე. აუცილებელია ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება, რომელიც გამორიცხავს 2008 წლის მოვლენების გამეორებას. ეს ამოცანა განსაკუთრებით აქტუალურია თბილისის NATO-ში ჩათრევის პროცესის ფონზე. ჩვენი ერთიანი პოზიციაა, რომ ეს პროცესი არ შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და ბუნებრივია, რომ თუ ეს ნაბიჯები პრაქტიკაშიც ამოქმედდება, მივიღებთ ზომებს, რათა ამ პროცესებმა მდგომარეობაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით სანაკოევის თქმით კი, "სპეკულაციები, თითქოს რუსეთი სამხრეთ ოსეთის ანექსირებას ან მის საზღვრებში ინტეგრაციას ცდილობს, უნდა დასრულდეს, რადგანაც გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის სახელმწიფო საზღვარი დადგინდა. უკრაინის საკითხი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს თავზე გამოვცადეთ, რა არის ომი და საბრძოლო მოქმედებები. ასევე ვისაუბრეთ ჟენევის დისკუსიის შესახებ, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ ოსეთმა საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი მოამზადა."

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცნობით, გაფორმებული დოკუმენტის ტექსტი გადასახედად სხვადასხვა უწყებებს უკვე გადაეგზავნა. სახელმწიფო საზღვრებს შორის შეთანხმება ცხინვალთან ინტეგრაციისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ნაწილია.

მსგავსი დოკუმენტი რუსეთმა სექტემბერში აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასთანაც გააფორმა, რომელიც საერთო შეიარაღებული ძალების შექმნას და რუსეთის მიერ აფხაზეთში სხვადასხვა სფეროების დაფინანსებას ითვალისწინებს. სულ ცოტა ხნის წინ კი, ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა ვლადისლავ სურკოვმა რუსეთსა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონთან საზღვრის გაუქმებაზეც ისაუბრა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლავროვმა სურკოვის ეს განცხადება ევროკავშირის ქვეყნებს შორის სასაზღვრო პოლიტიკას შეადარა და განმარტა, რომ აფხაზეთთან საზღვრის გაუქმება საზღვარზე ადამიანებისა და ტვირთის მაქსიმალურად თავისუფლად გადაადგილებას გულისხმობს.

კომენტარები