რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულება

სახელმწიფო დეპარტამენტი: არ ვაღიარებთ რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულებას

სახელმწიფო დეპარტამენტი არ აღიარებს რუსეთ-ცხინვალს შორის გუშინ გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას. ამის შესახებ პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს რუსეთსა და საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებას. არც აფხაზეთთან გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც 2014 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი. ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

განსაკუთრებით ვართ შეშფოთებული, რომ ე.წ. ხელშეკრულებას ხელი იმ დღეს მოეწერა, როდესაც ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიები მიმდინარეობდა. ეს დისკუსიები მიზნად ისახავს პროგრესის მიღწევას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები", - თქვა პსაკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვში ე.წ. ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელი გუშინ მოაწერეს. გაფორმებული დოკუმენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალებისა და უშიშროების სამსახურების ნაწილის უშუალოდ მოსკოვის დაქვემდებარებაში გადასვლას, ასევე როკის გვირაბზე საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას და მათი პენსიებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

კომენტარები