რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულება

სააკაშვილი: საქართველოზე საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ცოტას საუბრობენ

უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას უწოდებს. მისი თქმით, საქართველოზე საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ცოტას საუბრობენ, რადგან ხელისუფლება ამ კუთხით არაფერს აკეთებს. ექსპრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება.

"ჩვენ განგვაცალკევეს უკრაინისგან, სადაც ახსენებენ უკრაინას, იქ აღარ ხდება საქართველოს ხსენება და ეს გააკეთა საქართველოს მთავრობამ სრულიად შეგნებულად. საპასუხოდ, გუშინ ჩვენ მივიღეთ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია. საქართველოს მთავრობის მხრიდან კი რეაქცია იყო, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური, რომ ეს ქაღალდი არაფერს ნიშნავს. ქაღალდი, რა თქმა უნდა, უკანონოა, მაგრამ ეს არის დაგვირგვინება იმისა, რომ, ფაქტობრივად, სხვა არავინ არ ეხმაურება ამას.

ცხინვალის ანექსიის საკითხზეც სანქციები არ არის შემოღებული, როცა უკრაინის თემაზე სანქციები არის შემოღებული, ეს ნიშნავს იმას, რომ, პრაქტიკულად, ბოლო მექანიზმებს ვკარგავთ. სოხუმის აეროპორტს ხსნის რუსეთი. ამაზეც მე ჯერჯერობით ვერანაირ რეაქციას ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ რეაქციებს ავიაკომპანიებზე, რომლებიც სოხუმში უკვე დაფრინავენ ან აპირებენ ფრენას; ვერ ვხედავ ფინანსურ სანქციებს და ვერ ვხედავ იმ კომპანიების შეზღუდვას, რომლებიც უკანონოდ მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე. ერთი სიტყვით, ყველაფერს იმას, რაც მოქმედებს უკრაინის მიმართ. საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან. საქართველოზე ძალიან ცოტა ლაპარაკი მიდის საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვართ უფრო დაცულები, როდესაც ჩვენზე ლაპარაკობენ, ჩვენი საკითხები აინტერესებთ, ჩვენზე წუხდებიან და თუ შენ არ შეაწუხე, თვითონ არ შეწუხდება. შენი მეგობრები შენ დაგივიწყებენ, როდესაც არაფერს აკეთებ. შენი მტერი არასდროს არ დაგივიწყებს და გუშინ შეგვახსენა კიდეც თავი მოსკოვში", - თქვა სააკაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვში ე.წ. ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელი გუშინ მოაწერეს. გაფორმებული დოკუმენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალებისა და უშიშროების სამსახურების ნაწილის უშუალოდ მოსკოვის დაქვემდებარებაში გადასვლას, ასევე როკის გვირაბზე საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას და მათი პენსიებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

კომენტარები