ოქრუაშვილი-ხაბურძანიას ჩანაწერი

ალასანია ფარულ ჩანაწერზე: როდესაც ეხებიან მთავარ ღირებულებებს, არავის შევარჩენ

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილისა და ვალერი ხაბურძანიას ვიდეოჩანაწერზე, რომელიც რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში გავიდა, "სერიოზულ კომენტარს" არ გააკეთებს. მისივე თქმით, "ძალიან ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილი, ივანიშვილი და ახლა უკვე ხაბურძანია ანუ FSB, ერთიანად უტევს თავისუფალ დემოკრატებს. ეს ნიშანდობლივია იმ კუთხითაც, რომ ე.ი, სწორ გზაზე ვდგავართ და ქართული საქმის კეთებით ვართ დაკავებული". 

"მე არანაირად არ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს იმ განცხადებებზე, რაც გაკეთდა გუშინ. უბრალოდ, ერთს ვიტყვი - ბუნებრივია, FSB-ს გენერალი, დირექტორი თუ სხვა ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, როდესაც ეხება ყველაზე მთავარ ღირებულებებს, იმას, რისთვისაც იუნკერებმა შეწირეს თავი, რისთვისაც 90-იან წლებში ჩვენმა მოქალაქეებმა გაწირეს თავი, ამას არავის არ ვაპატიებ და არავის შევარჩენ. რა თქმა უნდა, ამ თემაზე მძიმე საუბარი იყო. თუმცა, ამის ღია ეთერში განხილვა არ არის საჭირო", - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, ჩანაწერში მონაწილე პირებს თუ დაუპირისპირდა ფიზიკურად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ "არა, ფიზიკურად არა".

"კიდევ ერთხელ ვიტყვი, არანაირ კომენტარს ასეთ ჩაწერილ და გულისამრევ ტალახის სროლაზე არ გავაკეთებ", - დასძინა ალასანიამ.

ცნობისთვის, გაზეთ ქრონიკა პლიუსის მიერ მოპოვებულ ოქრუაშვილ-ხაბურძანიას აუდიოჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ არის ჩაწერილი, ყოფილი მინისტრები ირაკლი ალასანიას პერსონას არჩევენ. ხაბურძანია ამბობს, რომ ალასანიას პროექტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაეროში რუსეთის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, ჩურკინმა დაიწყო.

"ვალერი ხაბურძანია: მე ალასანიასი მეშინია.

ირაკლი ოქრუაშვილი: ალასანია მკვდარია, ბიძინას ფონზე ალასანია მკვდარია. ბიძინას ფონზე შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, ბურჯანაძის დაყენება.

ვალერი ხაბურძანია: თუ აქ ვიღაც ყ..ბმა გაიტანეს თავისი იდეა, რომ ალასანია შეთანხმებულია ამერიკელებთან და მათაც აწყობთ, მაშინ...

ირაკლი ოქრუაშვილი: იცი, რა, თუ, დავუშვათ, ბიძინა ამათი მოთამაშეა, ალასანიაში არ გაცვლიან, ვარიანტი არა არის.

ვალერი ხაბურძანია: საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემას ლობირებს, შენ რომ იცოდე.

ირაკლი ოქრუაშვილი: ვიცი, რომ ლობირებს და ეგ ლავროვისა და ეგეთების შემთხვევითი არ იყო, მაგრამ დიდი ბუტაფორია უნდა გავაკეთოთ, რა, პოლუსი რომ შევქმნათ, არანაირი გადარჩენის შანსი სხვანაირად არა გვაქვს. ბოლო ერთი შანსია, რომ მაშინ ტერორისტივით უნდა შევუვარდე ერთმანეთში მოლაპარაკებულ მინდორზე სულყველას. მარტო ეგ არის გამოსავალი, მაშინ როცა შეიძლება მართლა გავაკეთო ხოშიანი ბუტაფორია, "დაჟე" ბუტაფორიაც არ გამოვა, სამი ძალა - ბიძინას არსებობის პიროებებშიც კი, როგორი პოლუსი გამოვა, იცი? მიშა, ბიძინა და აქეთ ჩვენ. "პროსტა" ხალხი შეგვაგინებს, რომ თქვე კეთილ...ნულებო, რაღა ახლა გააკეთეთ ყველაფერი ისეო? გუბაზა, მაგას ხედავ თუ არა, როგორც მე ვხედავ, ეგაა საინტერესო, მაგასთან ლაპარაკი მაგიტომ მინდა.

ვალერი ხაბურძანია: ჩურკინმა დაიწყო ალასანიას პროექტი საგარეოში.

ირაკლი ოქრუაშვილი: ვაჟა ლორთქიფანიძეს დიდი წვლილი აქვს მანდ, "ჩერეზ" ვიღაცეებით აატალახა და მაგან გააკეთა მაგ. ეგ შეხვედრა ლავროვთან მაგან გაუკეთა. ვალერი, რა გამომივა, არ ვიცი, ეროსასავით ვარ ფაქტიურად. 2009 წლის დეკემბერში რომ ჩამოვიდა, "დავაი" პროექტი დავიწყოთ. არაფერი არ ქონდა ტიპს. ბოლოს აი, "სლუჩაინად" მივედით "გრეჩიხა", გუნცაძე, სოზარა, მთელი ქართული პარტიის იმაზე, გოგელიაც რომ გაიჩითა, ახლა ზუსტად ეგეთი განწყობა მაქვს, ეროსისნაირ იმას ვიღებ, ყველა უნდა რამენაირად დავსვათ მაგიდასთან. ვანო ჩხარტიშვილი ჩამოვა, აბა, რისთვის ვზივარ აქ, მორჩენილი ვიყავი საქმეებს, სამი დღე უნდა ველოდო ახლა იმას, იქნებ მაგის კეთილ...ნული ისინი დავითანხმო, თანმხლები ამ თემაზე. ახლა გადალაგდება ქვეყანა, მინიმუმ შემდეგი ხუთი წლით, თუ მაქსიმუმ ათით არა. თან ისე გადალაგდება, რომ არაფერი შეიცვლება. არც "გაიკებს" მოუშვებს არავინ და მიშა რომ მიშაა, ისევ მიშა იქნება", - ნათქვამია ჩანაწერში.

ვალერი ხაბურძანიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ალასანიასა და ეფ-ეს-ბე-ს კავშირებზე ისაუბრა. "საინტერესოა, რითი დაფინანსდა 2004 წელს ირაკლი ალასანია. მინდა, ვთქვა, რომ ამერიკელები ფულს არ იძლევიან", - თქვა ხაბურძანიამ.

მისივე თქმით: "ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ძალიან საეჭვო პერსპექტივები აქვს დღეს. ვიტალი ჩურკინს მოეწონა ის, რადგან სააკაშვილის და მაშინდელი ხელისუფლების ფონზე ალასანია უფრო რეალური კაცი იყო. ამიტომ, რადგან მას ამერიკელებმა შესთავაზეს ოპოზიციაში გადასვლა, იყო საუბარი, რომ რუსებს უფრო ღირსეულ და ადეკვატურ კაცთან ჰქონოდათ თბილი ურთიერთობა", - აცხადებს ვალერი ხაბურძანია.

კომენტარები