თამარ კორძაია ქართულ ოცნებაში

მაღრაძე: ფრაქციის სხდომაზე თამარ კორძაიაზე ოფიციალურად არაფერი გაჟღერებულა

რადიო თავისუფლება

ფრაქცია ქართული ოცნების წევრის გუგული მაღრაძის განმარტებით, სხდომაზე ოფიციალურად არ გაჟღერებულა, რომ თამარ კორძაიას ადგილი ფრაქციაში არ არის და მისი განსხვავებული ხედვები არ მოსწონთ.

"არაფერი ვიცი ამის შესახებ. ოფიციალურად ნათქვამი არ არის. ორ-სამ კაცში ვინ რას იტყვის, ეგ ორი და სამი კაცის ნათქვამია. ოფიციალურად არ გაჟღერებულა. შეიძლება, ვიღაცას ვიღაცის პოზიცია არ მოსწონს. ჩემი პოზიციაც შეიძლება, ვიღაცას არ მოსწონს. თამარ კორძაიას რაღაცაში ვეთანხმები ხოლმე, რაღაცაში - არა. ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვისას ერთნაირად ვიყავით, მოსმენებთან დაკავშირებით არ ვეთანხმებოდი. რაღაცაში ერთნაირი აზრი გვაქვს, რაღაცაში - არა. ეს ნორმალურია სრულიად", - თქვა მაღრაძემ ტაბულასთან საუბარში.

ცნობისთვის, ინტერპრესნიუსმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ კორძაიას ქართულმა ოცნებამ შესაძლოა, ფრაქცია დაატოვებინოს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ფრაქცია ქართული ოცნების წევრები ფრაქციის დახურულ სხდომებზე არ მალავენ, რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით კორძაიას პოლიტიკური შეფასებები და პოზიცია არ მოსწონთ და განსხვავებული ხედვების გამო მისი ადგილი "სხვა ფრაქციაშია". "სხვა ფრაქციაში" კი, "რესპუბლიკელები" იგულისხმება.

როგორც ინტერპრესნიუსი წერს, ინფორმირებული წყაროს ცნობით, ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკიმ თანაფრაქციელებთან შეხვედრისას ღიად დააფიქსირა, რომ კორძაიას ფრაქციის დატოვებაზე დაელაპარაკება.

თავად თამარ კორძაიამ ტაბულას უპასუხა - "IPN-ს ჰკითხეთ, მე არაფერი ვიცი".

კომენტარები